სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დირექტორი - იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა - ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, პრობლემები დაუყოვნებლივ გამოასწოროს

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა.

როგორც ლიანა ჭუმბურიძე აღნიშნავს, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ გამოასწოროს არსებული პრობლემები.

„ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა.

გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში.

ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, - განაცხადა ლიანა ჭუმბურიძემ.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს იაშვილის კლინიკის ადმინისტრაცია.

"იაშვილის საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს რამოდენიმე წელია, რომლის ფარგლებში გარემონტდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, გადაუდებელი განყოფილება და რიგი სამედიცინო მიმართულებები. ინფრასტრუქტურული პროექტი დასკვნით ფაზაშია და წლის ბოლოს აღდგება ყველა სერვისის მიწოდება. სამინისტროსთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ დროებით სერვისების მიწოდება შეჩერდეს სტაციონარული მიმართულებით", - ნათქვამია იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო