„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
მათი ცნობით, ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2021 და 2022 წლებში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მონიტორინგის შედეგებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ პერიოდში 5 მუნიციპალიტეტში 14 სოფელში იმყოფებოდნენ, გაესაუბრნენ სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც არსებული პრობლემები ფიზიკური შემოწმების შესაძლებლობას იძლეოდა. ორგანიზაციამ, ასევე, მიმართა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მოითხოვა საჯარო ინფორმაცია და რეაგირება სოფლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
იხილეთ ანგარიში ბმულზე.