თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“, - უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს.
მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია. მან ასევე გამოხატა მადლიერება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა.
„როგორც შემდეგ გავიგე, ჩემს შვილს პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია გამვლელმა, რომლის ვინაობაც დღემდე არ ვიცით. ძალიან მინდა, გავიცნო ეს ადამიანი და მადლობა გადავუხადო. უდიდესი მადლობა დევი მეზურნიშვილს, მან შვილი გადამირჩინა“, - აღნიშნა ნინო ჩემიამ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.