იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, როდესაც პატრონი ძაღლს გაწვრთნის, მას შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში მოხდება.

„რაც შეეხება აგრესიული ჯიშის ძაღლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან სრული კონსენსუსია, რომ უსაფრთხოების ნორმები არსებობდეს, რათა ფატალური შედეგები არ დადგეს. განიხილება რამდენიმე ალტერნატივა, ერთ-ერთია ნუსხის განსაზღვრა და ის, რომ ცალკეული ჯიშების მიმართ დადგინდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვა, უსაფრთხოების ვალდებულებების გამოყენება ან ჯიშების გამრავლების და ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა.

მესამე ალტერნატივაა, რომ სავალდებულო იყოს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან. ამასთან, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს მეპატრონეს. ამ ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, რა პრაქტიკაც აქვთ იმის მიხედვით ვმსჯელობთ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით და უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, საერთოდ აკრძალულია გარკვეული ჯიშები, მაგალითად, პიტბული და სხვა აგრესიული ჯიშები“,- აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი.

მისივე თქმით, ასევე კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში.

„რა ზომისაც არ უნდა იყოს არააგრესიული ჯიშის ძაღლი, რისკს არ ქმნის, რომ ვიღაც დაგლიჯოს და ასე შემდეგ. განსაზღვრული იქნება დეკორატიული ჯიშის ძაღლებიც, მათ არანაირი შეზღუდვა არ შეეხებათ. მათი ზომიდან გამომდინარე, მათი დამორჩილება მარტივია. ძირითადი უსაფრთხოების საშუალებებია - ალიკაპი, მოკლე საბელი, ან გრძელი საბელი, ასევე ტრანსპორტირებისას მოკლე საბმელი, დამატებით ალიკაპი, ან სპეციალური კონტეინერი. აუცილებელია ეს ინტენსიურად გაკონტროლდეს, რაც შემდეგ შედეგს გამოიღებს.

ასევე, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე, შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, შესაბამისად, იქ არ იქნება შეზღუდვა“,- აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო