ანა აბაშიძე - არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო „ფეისბუქ" გვერდზე

არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო "ფეისბუქ" გვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ანა აბაშიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მმართველი პარტიის დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი, ჰუბერტ ქნირში, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ამ დონემდე დაეშვნენ“, როდესაც მათ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენა გააკრიტიკეს.

„იქნებ განგვიმარტოთ და საზოგადოებას უთხრათ, აი, თქვენ, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატი, როცა დიპლომატი, ჩვენი ქვეყნის მეგობარი, გერმანიის ელჩი გეუბნებათ პირდაპირ, რომ ამ დონემდე როგორ დაეშვით. ის რას გულისხმობდა?“ - იკითხა მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დაინტერესდა, იყო თუ არა ანა აბაშიძე პირად დაპირისპირებაში სოფიო კილაძესთან და შეშვენის თუ არა მომავალ სახალხო დამცველს ასეთი საქციელი.

როგორც ანა აბაშიძემ აღნიშნა, ყველას კრიტიკა შეიძლება.

„პირველი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ავტორიტეტები არ არსებობენ და ყველას კრიტიკა შეიძლება, მათ შორის ბატონი გერმანიის ელჩის. მეორე შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენი შეკითხვა აპრიორი იქიდან ამოდის, რომ ქალბატონი კილაძე და ბატონი გერმანიის ელჩი აბსოლუტურად სწორი იყვნენ, რასაც ამბობდნენ. ამიტომ თქვენი შეკითხვა იმ თავითვე სუბიექტურია. მე არ ვიცი რას გულისხმობდა ეს კაცი [გერმანიის ელჩი]. მას ჰკითხეთ. არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო "ფეისბუქ" გვერდზე“, - დასძინა აბაშიძემ.

მათიკაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატს განუცხადა, რომ ის აკრიტიკებს „ჩვენს მეგობარს, გერმანიის ელჩს საქართველოში“, რაზეც აბაშიძემ მოიგო, რომ ის აკრიტიკებს ყველას.

ამასთან, ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მას სოფიო კილაძესთან პერსონალურად არაფერი აკავშირებდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე