კახა კალაძე - სპეციალურად მანიპულირებენ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს - იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართული სიცრუე გაავრცელა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, კახა კალაძის თქმით, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია.

დედაქალაქის მერის თქმით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა.

„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი. კერძოდ, ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ თითქოსდა ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს და შესაძლებელია ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია და არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა პრობლემა არსებობს - პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მე ახლა არ მინდა ამ თანამშრომელზე ვისაუბრო, არ მინდა იმ რეალურ პრობლემაზე ვისაუბრო, რაც არის და რაც იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს აქვს, არ მინდა ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.

სამწუხაროდ, ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო, მაშინ როდესაც მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დასმულ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი გასცეს. თუმცა, რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს დღის წესრიგში ვერ ჩავერევით. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ როგორც საჭიროდ თვლით, თუმცა მე როგორც დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდო ინფორმაცია, სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. საზოგადოებას ყოველთვის რეალობას ვეტყვით“, - განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერის შეფასებით, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად და დაამთხვიეს იმ უბედურებას, ტრაგედიას, რაც თავს დაგვატყდა.

„სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის ესპანური წარმოების ქლორი „დიაზა“ გამოიყენება, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები აქვს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს