შალვა კერესელიძე - ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესახებ ხელისუფლების პოზიცია არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს

ხელისუფლებამ წარმოადგინა პოზიცია, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული უწყების შექმნას, მაგრამ მათ წარმოდგენილ პროექტში ფუნქციები, რაც ამ სამსახურმა უნდა შეასრულოს, არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი დამატებით კვლავ წარადგენენ საკუთარ წინადადებებს და თუ მმართველი გუნდი მათ არ გაიზიარებს, პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

„ჩვენი წინადადებები და მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, სადაც გაერთიანდებოდა ყველა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები, ექნებოდა საგამოძიებო ფუნქცია და იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მისი ხელმძღვანელი კი იქნებოდა პარლამენტის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით, 2/3- ით არჩეული. ხელისუფლებამ წარმოადგინა პოზიცია, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული უწყების შექმნას ანტიკორიფციული მიმართულებით, მაგრამ მათ წარმოდგენილ პროექტში ფუნქციები, რაც ამ სამსახურმა უნდა შეასრულოს, არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ამიტომ ამ კანონპროექტს დეტალურად განვიხილავთ და ჩვენს მოსაზრებებს დამატებით დავაფიქსირებთ. თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან არ იქნება ქმედითი და ეფექტიანი. ჩვენი რეკომენდაციები და წინადადებები ჯერ კიდევ ზაფხულში წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, თუმცა, მათ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის ეს ასახული, ასახულია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საკითხი, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციები,“ - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისათვის, დღეს ანტიკორუფიულ საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომელიც მათი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის რეკომენდაციების მე-4 პუნქტის შესრულებას ემსახურება. დღესვე პროექტი წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ამის შემდეგ კომიტეტის სახელით დაინიცირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა