თბილისის მერია - დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდა და საგზაო მოძრაობა მოწესრიგდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ ქუჩას - მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს, ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა.

უწყების ცნობით, განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„საბურთალოს რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ეს არის დიდი დიღომი, სადაც მირიან მეფისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩები ერთმანეთს დაუკავშირდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აქ გზა არ არსებობდა. იყო მხოლოდ ხელოვნურად გაკეთებული გრუნტის გზა, რომელიც დიდ პრობლემას ქმნიდა, განსაკუთრებით ცუდ ამინდში და გადაადგილება შეუძლებელი იყო. დღეს გზა ყველანაირად მოწესრიგებულია და გამართულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, გაჩნდა საავტობუსო ზოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დიდი დიღმის მოსახლეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქტიურად იყენებს. დაახლოებით, 60 000 მგზავრს ემსახურება, როგორც ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები. შესაბამისად, სწრაფი გადაადგილება მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო საბურთალოს რაიონის გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 10 417 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარი. პროექტის ღირებულება 1 590 460 ლარია.

,,გარდა ამისა, ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები აწარმოა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ. კერძოდ, მირიან მეფისა და თეიმურაზ პირველის ქუჩების დამაკავშირებელ კვანძზე მოეწყო ე.წ. ნახევარწრე, რომელიც საგზაო მოძრაობას მოაწესრიგებს. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელები და დაიხაზა შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელი.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი, ასევე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს