ნატო ჩხეიძე მიხეილ სარჯველაძეს - მინდა სახსოვრად ზარი გადმოგცეთ, რომ როცა კოლეგების ყურადღების მიპყრობას მოინდომებთ, ეს ზარი გააწკარუნოთ, ხელსაც აღარ დაიზიანებთ

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს წესრიგის უზრუნველყოფაში დასახმარებლად ზარი აჩუქა.

ჩხეიძემ სახალხო დამცველის კანდიდატის, სოფიო დემეტრაშვილის მოსმენისას სარჯველაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ზარი მას კოლეგების ყურადღების მისაპყრობად დასჭირდება.

„ბატონო მიხეილ, სანამ ქალბატონ სოფიოს რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდე, ნება მომეცით, ჩვენი, დეპუტატების უფლებებზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. დიახ, ჩვენ, დეპუტატებს გაგვაჩნია მოვალეობები, რეგლამენტის დაცვის კუთხით და გაგვაჩნია აგრეთვე, უფლებები პოლემიკაში შესვლის თვალსაზრისით.

ბატონო მიხეილ, თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ რეგლამენტის თვითგაფართოების დროს, მხოლოდ მაგიდასთან ურთიერთობით შემოიფარგლეთ და ეს ბევრად წინ წასული შემთხვევაა თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ნერვების ვერ მოთოკვის შემთხვევაში, მის წინ მდგომ ადამიანებს ურტყამენ ხოლმე თავში და მერე გვეუბნებიან, საცემი იყო და ამიტომო. სწორედ ამიტომ, ტექნიკური შესვენების დროს, გავედი, შევიძინე პატარა ზარი, მინდა თქვენ სახსოვრად გადმოგცეთ იმისათვის, რომ მომავალში, როცა მოინდომებთ კოლეგების ყურადღების მიპყრობას, ეს ზარი გააწკარუნოთ, ხელსაც აღარ დაიზიანებთ და მომატებული ადრენალინიც ამ ზარის წკარუნს თან გაჰყვება. ნება მომეცით, ეს ზარი გადმოგცეთ კითხვა-პასუხის შემდეგ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

მას სარჯველაძემ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა კარგია, მეც გამოვეხმაურები, ლირიული გადახვევა გავაკეთოთ, თქვენ ჩემ ხელზე მაინც და მაინც ნუ იდარდებთ, რადგან ამით მაინც და მაინც დიდი ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ ჩემი კოლეგა დეპუტატების ყურადღება სხვანაირად რომ ვერ მივიქციე, ეს კი გითხარით, თქვენ ამას საწყენად ნუ მიიღებთ. საჩუქრისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მქონოდა სხვათა შორის ეს ნივთი, რა კარგი იქნებოდა, რომ მართლაც ამით ვისარგებლებდი და შეიძლებოდა უფრო ლამაზად გამოჩენილიყო ეს ყველაფერი. ამ ნივთის ჩუქებას, არ ჯობდა, ჩვენი კოლეგებისთვის გვეთქვა და შევთანხმებულიყავით, რომ საჭიროებას ნუ გავაჩენდით, თუნდაც ზარის დაწკარუნების, ან ხელის მაგიდაზე დარტყმით ყურადღების მიქცევის, ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თორემ ასე შეიძლება მეგაფონიც მოგეტანათ და საყვირალი გაგვეხადა ერთმანეთისთვის საქმე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა