ლევან მურუსიძე - ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობო სექტორი და არც მოსამართლეები - ამერიკელ პარტნიორებს მივმართე

მახსენდება ერთი ლათინური გამოთქმა: „გამგები გაიგებს”. ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობო სექტორი და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბევრი ლაპარაკის გარეშე, ვისაც მივმართე მათთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ვის მივმართე? - ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ საკუთარ განცხადებაზე განმარტებები გააკეთა.

ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ ამერიკელი პარტნიორები ზუსტად გაიგებდნენ მისი მიმართვის შინაარსს.

„გუშინ მე არ მიმიმართავს კოლეგა მოსამართლეებისთვის და არც მქონია აზრად, ამასთან დაკავშირებით მათი აზრი მომესმინა, თუმცა დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ზუსტად ჩაწვდებიან ჩემი მოთხოვნის შინაარსს. გუშინ მაგალითად მოვიყვანე, რომ არ შეიძლება იუსტიციის საბჭოს იგნორირება და თუ ჩვენ ვიმუშავებთ კოორდინირებულად, შემიძლია ისეთი რაღაცები ვთქვა, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა იმ დახმარებებს, რაც არის ჩვენი პარტნიორებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველა კარგი დახმარების მაგალითი, რაც სასამართლო სისტემას ოდესმე გაეწია, ეს იყო გერმანელების მიერ”, - განაცხადა მურუსიძემ.

მისი განმარტებით, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს პატივისცემა.

“მე იუსტიციის საბჭოში შემოვედი იმისათვის, რომ შემიძლია ისეთი რაღაცების ლაპარაკი, რასაც მოსამართლეებმა გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა თავი აარიდონ. მართლა არ ვიტყუები და გულწრფელად გეუბნებით, მინდა მქონდეს რწმენა და იმედი, რომ ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხრიდან მოსამართლეების ასეთი მიმართვა დაფასდება. ამას მივესალმები”, - განაცხადა მურუსიძემ.

გარდა ამისა, მურუსიძემ კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა, რამაც მისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება განაპირობა.

მისი თქმით, როდესაც ის 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მდივნად აირჩიეს, სასამართლოში იყო “ერთობა”, ასოციაცია” და “მოსამართლეთა ასოციაცია” და მოსამართლეებს შორის დიდი დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

მურუსიძის თქმით, მისი მდივნობის პერიოდში ბევრი მოსამართლე უვადოდ დაინიშნა და მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ გარე ფაქტორებს არ მოეხდინა გავლენა, მომხდარიყო დაპირისპირება. ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ახლა, როცა წლების განმავლობაში მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს იგნორირება, მიდის მუშაობა იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში შეიტანონ დაპირისპირება და არეულობა.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემდეგი ტიპის განცხადება გააკეთა:

“ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ”, - განაცხადა მურუსიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს