ახალი ტურისტული ვიდეო რგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფი საქართველოს, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით ეწვია.
"Mystery Box"-ის მაღალრეიტინგული ვიდეოგრაფების ჯგუფი Jacob + Katie Schwarz საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლს 8K ხარისხის ფორმატში გადაიღებს. ტურის ფარგლებში 4 კაციანმა ჯგუფმა თბილისი, მცხეთა, ზუგდიდი, მესტია, უშგული, მარტვილი, ქუთაისი, კაცხის სვეტი დაათვალიერეს და გადაიღეს.
ვიდეო რგოლში საქართველოს ბუნება, კურორტები, კულტურა, ძეგლები, სამზარეულო და ღვინო იქნება წარმოდგენილი. ვიდეო რგოლი Jacob + Katie Schwarz-ის YouTube გვერდზე https://www.youtube.com/c/JacobKatieSchwarz აიტვირთება.
"სრულიად აღფრთოვანებულები ვართ საქართველოში მოგზაურობით. არაჩვეულებრივი ხალხი, გარემო, საოცარი სამზარეულო გაქვთ, აღსანიშნავია თქვენი სტუმართმასპინძლობა. საქართველოში მოგზაურობა ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო გამოცდილებაა ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშო, რომ საოცარი მასპინძლები გვყავს ტურიზმის ადმინისტრაციის სახით. ჩვენ ბედნიერები ვბრუნდებით სამშობლოში და გვინდა მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, თუ როგორი საოცარი ქვეყანა გაქვთ. ჩვენ კიდევ აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში,"- განაცხადა ჯეიკობ შვარცმა.
Jacob + Katie Schwarz-ის YouTube გვერდზე გამომწერების რაოდენობა 726 ათასს შეადგენს, ხოლო ვიდეოების საერთო დათვალიერების რაოდენობა ჯამში 385 მილიონამდეა.
ვიდეოგრაფების ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, ტურისტულად ცნობილი ქალაქებისა და ეროვნული პარკების შესახებ ვიდეორგოლები მოამზადეს, რაც ინტერნეტის ათობით მილიონმა მომხმარებელმა იხილა.