მამუკა გამყრელიძე - ჩინეთი სი ძინპინის ერთპიროვნული ზეობის ხანაში შევიდა, მან დაარღვია ყველა დაწერილი და დაუწერელი წესი და კანონი, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელმაც ჩინეთი ფეხზე დააყენა

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობის შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ამ ყრილობის შედეგები ჩინეთის საგარეო ურთიერთობებსა და საერთაშორისო პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, გასულ კვირას დასრულდა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობა. მის შედეგებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში არა მხოლოდ უდიდესი, არამედ მეორე ეკონომიკის ქვეყანაა, აუცილებელიც კია უფრო დეტალურად შევეცადოთ იმაზე საუბარს, ქვეყანაში გამართული ყრილობის შემდეგ როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ექნება ოფიციალურ პეკინს.

მესმის რომ ჩინეთის ყრილობის შედეგები დიდი თემაა, იმედი მაქვს, მის ძირითად ასპექტებს შეეხებით, მაგრამ ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ჩინეთზე საუბრის დაწყებას ყრილობის ბოლო დღეს მომხდარი ინციდენტზე საუბრის დაწყებით გთხოვთ, რადგან მომხდარი ბევრწილად უკავშირდება ჩვენი საუბრის თემას.

ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ყრილობის ბოლო დღეს ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი, 79 წლის ჰუ ძინტაო, რომელიც ჩინეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში არსებული არაფორმალური ოპოზიციის ლიდერია, ძალით გაიყვანეს ყრილობიდან მაშინ, როცა ის მოქმედი პრეზიდენტის სი-ის გვერდით იჯდა.

ფაქტი იმითაცაა საინტერესო, რომ ჰუ ძინტაო აშშ-სთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების მომხრეა და წინააღმდეგია რომ ჩინეთმა ტაივანის საკითხი ძალის გამოყენებით გადაწყვიტოს.

მომხდარი იმის გამო იყო გაუგებარი, რომ ჩინეთის კომპარტიის ლიდერად 5 წლით მესამე ვადით სი-ს არჩევა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. თან ჩინეთის ყრილობაზე პირველად ითქვა, რომ პეკინი „ვერასოდეს იტყვის უარს ტაივანის საკითხის გადაწყვეტისას ძალის არგამოყენებაზე“.

თქვენი აზრით ჰუ ძინტაოსთან დაკავშირებით ყრილობაზე მომხდარი ინციდენტი რამდენად უკავშირდება ყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებებს?

- მე-20 ყრილობის დახურვის ცერემონიალზე მომხდარი ინციდენტი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ლამის ძალით გაიყვანეს დარბაზიდან, უკანასკნელი ათწლეულების ჩინური პოლიტიკური სპეციფიკისათვის სრულიად არადამახასიათებელი მოვლენაა. ეს ფაქტი სრულად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ჩინურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჩამოყალიბდა.

შევეცდები უფრო დეტალურად განვიხილო ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე პროცესები, რათა მკითხველისათვის გასაგები გახდეს ის ურთულესი წიაღსვლები, რომლებიც ახასიათებს ჩინურ პოლიტიკას. დავიწყოთ იმით, რომ 2017 წლამდე ჩინეთის უახლესი ისტორიის გაყოფა შეიძლება ორ ნაწილად. მაო ძედუნის ერთპიროვნული დიქტატურის წლები, რომლებმაც ჩინეთს სიღარიბე და კულტურული რევოლუციის უმძიმესი შედეგები მოუტანა.

მეორე პერიოდია ე.წ. “კოლექტიური მმართველობის” თითქმის 4 ათწლეული, რომელიც დაიწყო დენ სიაოპინის რეფორმებით და გაგრძელდა შემდგომი გენერალური მდივნების მიერ. ამ პერიოდმა განაპირობა ჩინეთის დღევანდელი გასაოცარი აღმასვლა, ეკონომიკური სიძლიერე და მისი გადაქცევა მნიშვნელობით მსოფლიოს მეორე სუპერძალად. დენ სიაოპინის რეფორმების მთავარი შინაარსი გახლდათ ის, რომ კომპარტია უარს ამბობდა ერთპიროვნულ მმართველობაზე და კოლექტიური მართვის სისტემაზე გადადიოდა. ცხადია, კომპარტიის ჰეგემონია ჩინეთში კვლავ რჩებოდა, მაგრამ თავად პარტია იმართებოდა რამდენიმე კლანის წარმომადგენლების მიერ და მისი პოლიტბიუროს, მმართველი ბირთვის და რეგიონული ლიდერების შერჩევა ხდებოდა კლანებს შორის კონსენსუსის საფუძველზე.

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პარტიის ყოფილი ლიდერები მათი პოსტიდან წასვლის შემდეგაც რჩებოდნენ ძალიან გავლენიან ფიგურებად, რადგან მათ ზურგს უმაგრებდნენ ის პარტიული კადრები, რომლებიც ამ ლიდერების პროტეჟეებს წარმოადგენდნენ პარტიულ ისტებლიშმენტში.

ყოველი ყრილობის წინ აუცილებლად ხდება ყველა ყოფილი და მოქმედი ლიდერის შეკრება კურორტ ბაიდაჰეში, სადაც არაფორმალურ გარემოში ხდება ჩინეთის მომავალი ლიდერშიფის შემადგენლობის განსაზღვრა მომავალ 5 წლიან პერიოდში.

გარდა ამისა, დენ სიაოპინის მიერ იქნა შემოღებული წესი “67 მაღლა, 68 დაბლა”, რაც ნიშნავს, რომ კარიერული წინსვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ 68 წლიანი ზღვარისთვის.

და რაც მთავარია, პარტიაში არსებობდა დაუწერელი კანონი, რომ ჩინეთის ლიდერი მხოლოდ ორი ხუთწლიანი ვადით აირჩეოდა. ეს გამორიცხავდა ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის მოდელზე დაბრუნებას. ამასთანავე, ლიდერი, რომელსაც მეორე, ბოლო ვადა ჰქონდა დარჩენილი, ვალდებული იყო პოლიტბიუროში შეეყვანა ახალგაზრდა ფუნქციონერი, მისი მომავალი მემკვიდრე, რომელიც ასევე რამდენიმე კლანს შორის კონსენსუსით იქნებოდა შერჩეული.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთი შევიდა განვითარების მესამე პერიოდში, რომელიც ერთი მხრივ ძალიან ჰგავს მაოს ერთპიროვნულ დიქტატს და მეორე მხრივ, მიღწევის ფორმით მოგვაგონებს სტალინის და პუტინის მიერ განვლილ, პარტიული ოპოზიციის სრულად ამოძირკვის გზას.

ჩინეთი შევიდა განვითარების მესამე პერიოდში, რომელიც ერთი მხრივ ძალიან ჰგავს მაოს ერთპიროვნულ დიქტატს და მეორე მხრივ, მიღწევის ფორმით მოგვაგონებს სტალინის და პუტინის მიერ განვლილ, პარტიული ოპოზიციის სრულად ამოძირკვის გზას

სიმ გამოიყენა პარტიის ერთ - ერთი სტრუქტურა, დისციპლინის შემსწავლელი კომისია, რომელიც ებრძვის კორუფციას და ამ კომისიის დახმარებით სიმ მთლიანად მოასუფთავა ოპოზიციური კლანების წარმომადგენლობა პარტიის ლიდერშიფში.

მე-20 ყრილობის შემდეგ პარტიის პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში შედიან მხოლოდ სი ძინპინის უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები შანხაისა და ჯეძიანის კლანებიდან. დღეს ჩინეთი ახალ, სი ძინპინის ერთპიროვნული ზეობის ხანაში შევიდა და არავინ იცის ის რამდენ ხანს გაგრძელდება.

სიმ დაარღვია ყველა დაწერილი და დაუწერელი წესი და კანონი, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელმაც ჩინეთი ფეხზე დააყენა.

დღეს ჩინეთი ახალ, სი ძინპინის ერთპიროვნული ზეობის ხანაში შევიდა და არავინ იცის ის რამდენ ხანს გაგრძელდება. სიმ დაარღვია ყველა დაწერილი და დაუწერელი წესი და კანონი, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელმაც ჩინეთი ფეხზე დააყენა

მან შეცვალა პარტიის წესდებაც და ქვეყნის კონსტიტუციაც, სადაც საკუთარი თავი პარტიის ერთადერთ ბირთვად გამოაცხადა. დღეს მისი ძალაუფლება უსაზღვროა, მაგრამ პასუხისმგებლობაც, შესაბამისად, მხოლოდ მასზეა. სადამდე მიიყვანს ჩინეთს ავტოკრატია მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, ჩინელების ავტოკრატიისადმი ისტორიული და ფილოსოფიური მიდრეკილების მიუხედავად 21-ე საუკუნეში რთული წარმოსადგენია, რომ ეს მოდელი გაამართლებს. როგორც კულუარებში ითქვა, ჰუ ძინტაოს უხერხული ეპიზოდი კი გამოწვეული იყო იმით, რომ მას უნდოდა სიტყვის წარმოთქმა, სადაც გააპროტესტებდა მისი ორი პროტეჟეს პოლიტბიუროდან გამოყვანას. სიტყვის ტექსტი წაიკითხა მის გვერდით მჯდომმა პარლამენტის თავმჯდომარემ და სასწრაფოდ მოახსენა სი ძინპინს.

უხერხული შედეგი თავად ნახეთ. სი არ მოერიდა არც დამსწრე 3000-მდე დელეგატს და სტუმარს და ძალიან უხეშად გააძევა დარბაზიდან მისი ყოფილი ხელმძღვანელი.

- ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე კარგი იქნება თუ ჩინეთის მიერ ტაივანის პრობლემის ძალით გადაწყვეტის საკითხზე საუბარს გავაგრძელებთ.

ტაივანი აცხადებს, რომ იგი უარს არ იტყვის თავის სუვერენიტეტზე და არ წავა კომპრომისზე, რომელიც ეხება თავისუფლებას და დემოკრატიას და ტაივანის ხალხი წინააღმდეგია ტაივანის მართვის პეკინისეული იდეაა-მოდელიერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი- ქვეყნის პირველი რიგის მნიშვნელობის პრობლემად შინ და გარეთ უსაფრთხოების საკითხი დაასახელა. მან ასევე თქვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ერთპიროვნული ლიდერობა უნდა დასრულდეს და მსოფლიო ძალთა ბალანსში ჩინეთის სახით მეორე პოლუსი უნდა გაჩნდეს.

ამ განცხადებების შემდეგ პრეზიდენტმა სი-მ პირობა დადო, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს. ცხადია ამას დრო და რესურსები დასჭირდება, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვითარებაში, როცა აშშ და კოლექტიური დასავლეთი ეხმარება უკრაინას აგრესორი რუსეთის დამარცხებაში, დიდია იმის ალბათობა, რომ პეკინმა დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები ტაივანის წინააღმდეგ.

პეკინს ერთი მხრივ არც აშშ-სთან და არც ევროპასთან არ უნდა ურთიერთობების გაფუჭება, რადგან ჩინეთ-აშშ-სა და ჩინეთ-ევროპას შორის სავაჭრო ბრინვა ერთ-ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთი ტაივანის პრობლემის ძალის გამოყენებისთვის ემზადება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინეთმა ტაივანის წინააღმდეგ ომი მანამდე დაიწყოს, ვიდრე უკრაინაში ომია, ვაშინგტონი და ევროპა რუსეთის დამარცხებაზე არიან ორიენტირებული?

- რაც შეეხება ტაივანის პრობლემას, ის მდორედ მიმავალი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პერიოდული გამწვავებებით ხასიათდება. იმისთვის, რომ ამ პროცესის შინაარსს მივხვდეთ აუცილებელია თავად ჩინელების მენტალიტეტი ვიცოდეთ.

ჩინელი არასდროს, არსად არ ჩქარობს. ის ყოველთვის მშვიდად ელოდება შესაფერის მომენტს და თუ სიტუაციის რაიმე გამწვავებას დაინახავთ დიდი ალბათობით ეს ცრუ მანევრი იქნება. ასეა ტაივანის შემთხვევაშიც.

ჩინეთიც, ტაივანიც და გაეროც თანხმდებიან იმაზე, რომ კუნძული და კონტინენტი ერთ, განუყოფელ ჩინეთს წარმოადგენენ, რომელზეც ორი სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობა არსებობს. ჩინეთშიც და ტაივანშიც ფიქრობენ, რომ ოდესღაც მათი გაერთიანება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ორივეს საკუთარი პოლიტიკური მოწყობა მიაჩნია ამ გაერთიანების ფუნდამენტად. ასეთი გაერთიანების პრეცედენტი უკვე არსებობს ჰონკონგის სახით.

მართალია იქ იყო და დღესაც რჩება გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში კონტინენტური ჩინეთის პოლიტიკური სისტემა იმარჯვებს. თუკი მოხდება ტაივანის მშვიდობიანი შემოერთება, სავარაუდო სცენარიც იგივე იქნება. კონტინენტური ჩინეთის პრობლემა იმაშია, რომ ტაივანს პატრონაჟს უწევს აშშ. თეთრი სახლიდან მუდმივად ხდება პოზიციის გაჟღერება, რომ ამერიკა ტაივანს დაიცავს მათზე სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში.

მიუხედავად ყრილობაზე სის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ ჩინეთი არ გამორიცხავს ტაივანის სამხედრო ძალით შეერთებას, ექსპერტების აზრით ეს ნაკლებად მოსალოდნელია და ექვსკაციანი კომისიის შემადგენლობაც უფრო იმაზე მეტყველებს, რომ გაგრძელდება არმიის რეფორმირება, ხოლო ჩინეთი დაელოდება შესაფერის მომენტს ტაივანის შესაერთებლად

ცხადია, ჩინეთს კარგად ესმის, რომ დღეს მათსა და ამერიკას შორის სამხედრო ასპექტში უზარმაზარი განსხვავებაა. სწორედ ამიტომ, სი ძინპინის მიერ 2015 წელს იქნა ინიციირებული სამხედრო რეფორმა, რომლის მიზანი გახლავთ ჩინეთის არმიის რეფორმა და 2049 წლისთვის ამერიკის არმიის დონემდე მიღწევა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს. რეფორმის ძირითადი შინაარსი არმიის ტექნოლოგიური დონის ამაღლებასა და ჯარის სხვადასხვა ნაწილების ერთიანი მართვის სისტემის შექმნაში გამოიხატება.

ამ მიმართულებით ძალების პირველი მოსინჯვა ჩვენ ვიხილეთ მაშინ, როცა ნენსი პელოსი სტუმრობდა ტაივანს. სწორედ მაშინ მოხდა ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარაკეტო ჯარების კოორდინირებული გააქტიურება. უნდა ითქვას, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას ხელმძღვანელობს თავად სი ძინპინი, რომლის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება ექვსკაციანი კომისია. ამ კომისიაში მისი ერთ-ერთი მოადგილის პოსტი დაიკავა გენერალმა ჰე ვეიდონგმა, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილებაც მიღებული ინდოეთთან კონფლიქტში და ასევე აქვს შტაბური მართვის დიდი გამოცდილება. გარდა ამისა ის სისთან დაახლოებული პირია და სწორედ ის აიღებს თავზე არმიის საერთო მართვის სისტემის გაძლიერების საკითხს.

მეორე მოადგილე, ჯან ვანსია ასევე სისთან დაახლოებული გენერალია და მასაც აქვს საომარი გამოცდილება, როგორც ვიეტნამის ომის ვეტერანს, მაგრამ მთავარია მისი დიდი გამოცდილება არმიისთვის მაღალტექნოლოგიური იარაღის შესყიდვის საკითხში.

მიუხედავად ყრილობაზე სის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ ჩინეთი არ გამორიცხავს ტაივანის სამხედრო ძალით შეერთებას, ექსპერტების აზრით ეს ნაკლებად მოსალოდნელია და ექვსკაციანი კომისიის შემადგენლობაც უფრო იმაზე მეტყველებს, რომ გაგრძელდება არმიის რეფორმირება, ხოლო ჩინეთი დაელოდება შესაფერის მომენტს ტაივანის შესაერთებლად.

- ახლა როცა ვაშინგტონი და აშშ უკრაინას ეხმარებიან და რუსეთს ებრძვიან, მნიშვნელოვანია უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის პოზიცია.

ყრილობაზე ითქვა, რომ ჩინეთი გააგრძელებს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დაცვას, რომლის ბირთვს წარმოადგენს გაერო, დაიცავს მსოფლიო წესრიგს, რომლის საფუძველში დევს საერთაშორისო სამართალი და ნორმები, რომლებიც ეყრდნობა გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, რომ ჩინეთს არასდროს ექნება პრეტენზია ჰეგემონობაზე და ექსპანსიური პოლიტიკის გატარებაზე.

პეკინი თან ამბობს რომ მეორე პოლუსი იყოს, თან ამბობს, რომ არ ექნება პრეტენზია ჰეგემონიაზე და ექსპანსიური პოლიტიკის გატარებაზე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ოფიციალური პეკინის პოზიცია საკმაოდ მოზომილი და თავშეკავებული იყო. არ გამართლდა კრემლის მოლოდინი, რომ დაწყებულ ომში ჩინეთი რუსეთის მხარს დაუჭერდა.

თუმცა, ფაქტია, ჩინეთმა რიგ საკითხებში, განსაკუთრებით დაწესებული ეკონომიკური სანქციების წნეხის ქვეშ დარჩენილ რუსეთს რიგ საკითხებში დაეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ასე რომაა, პეკინში არც მალავენ. სხვა საკითხია, რომ რუსეთისთვის ეს „დახმარება“ იმ მოცულობის არაა, კრემლს რომ უნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პეკინი აშშ-სა და კოლექტიურ დასავლეთს ჩინეთის გამოწვევად მიიჩნევს, თქვენი დაკვირვებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე როგორ პოლიტიკას ატარებს ჩინეთი?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინეთის რომელიმე მხარეს ერთმნიშვნელოვნად დგომა უკრაინის ომის შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს?

- რაც შეეხება პოზიციას რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინაში, ჩინეთი აქაც ტრადიციულად მოლოდინის რეჟიმში და დამკვირვებლის როლშია. მიუხედავად პუტინის ილუზორული მოლოდინებისა, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი კრემლის მხარეს დაიჭერდა და როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევდა რუსეთს, ჩინეთმა მისთვის ჩვეული პოზიცია არჩია. ის ცდილობს დისტანცირებას ამ პრობლემისაგან. არც რუსეთს კიცხავს და მის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას არ უერთდება,

თუმცა, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს და არ აკეთებს კრემლის მომხრე პოლიტიკურ განცხადებებს. სამხედრო თვალსაზრისით ის ერიდება სანქციებს და ღიად არ ეხმარება რუსეთს, თუმცა ირანულ დრონებში, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის დასაბომბად იყენებს ჩინური დეტალები იპოვეს.

მიუხედავად პუტინის ილუზორული მოლოდინებისა, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი კრემლის მხარეს დაიჭერდა და როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევდა რუსეთს, ჩინეთმა მისთვის ჩვეული პოზიცია არჩია. ის ცდილობს დისტანცირებას ამ პრობლემისაგან. არც რუსეთს კიცხავს და მის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას არ უერთდებ

ცხადია, ჩინეთი უარყოფს მის ჩართულობას, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მათთვის დამახასიათებელი “ბალანსის" დასაცავად სტრატეგიულ პარტნიორს ფარულად და მცირედ დაეხმარონ.

ამ ასპექტში უმნიშვნელოვანესია ირიბი ნიშნების გათვალისწინება. ისინი კი მეტყველებენ იმაზე, რომ სი ძინპინი ძალიან არის გაღიზიანებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგებით. სავარაუდოდ სი მოელოდა, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი იოლ და სწრაფ გამარჯვებას მიაღწევდა. რეალობაში კი აღმოჩნდა, რომ “მსოფლიოს მეორე არმიად” წოდებული რუსული ჯარი სრულიად უსუსური აღმოჩნდა უკრაინელების მედგარი წინააღმდეგობის და დასავლური მაღალტექნოლოგიური იარაღის წინააღმდეგ.

სიმ დაინახა, რომ ჯარისკაცების რაოდენობა არაფერია სამხედრო ტექნოლოგიების და სწორი ტაქტიკური მართვის წინააღმდეგ. ამიტომ მან აირჩია არმიის განვითარების ამ ორ ასპექტზე ყურადღების მაქსიმალური გადატანა და სუსტი სტრატეგიული პარტნიორებისაგან დისტანცირება.

სი ძინპინის პუტინისადმი უდიერი დამოკიდებულება ძალიან ღიად გამოჩნდა სამარყანდის სამიტზე მის რიტორიკაშიც და იმაშიც, რომ ჩინეთმა ბელარუსს პარტნიორობის უფრო მაღალი რანგი მიანიჭა ვიდრე რუსეთს, რაც პუტინის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო.

ინსაიდერების ცნობით, სამიტის შემდეგ მან რამდენიმეჯერ უთხრა უარი პუტინს სატელეფონო საუბარზე იმ მიზეზით, რომ ვერ ხედავს მნიშვნელოვან თემებს სასაუბროდ.მიუხედავად ამისა, და ზელენსკის მოწოდებებისა, რომ ჩინეთმა აირჩიოს, მისი თქმით, სწორი პოზიცია, ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩინეთი ბოლომდე დაიცავს პარიტეტს და აქტიურად არ ჩაერევა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში.

ჩემი მოკრძლებული აზრით, ჩინეთი ბოლომდე დაიცავს პარიტეტს და აქტიურად არ ჩაერევა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში

- რადგან აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე ბევრწილად დამოკიდებული თუ როგორი იქნება დღევანდელი მსოფლიო, მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც უკრაინის ომის ფონზე ყალიბდება პრაქტიკულად, აქტუალური თემაა სავარაუდოდ როგორი იქნება აშშ-ჩინეთის ურთიერთობები.

ყრილობაზე ბევრი საყურადღებო განცხადებები გაკეთდა. ითქვა, რომ XXI საუკუნეში დემოკრატიას არ შეუძლია შეეჯიბროს ავტოკრატიას. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აშშ- არ უნდა დაუშვას, რომ ჩინეთის განვითარების მოდელმა მიაღწიოს დიდ წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იქნება ისტორიული წაგება.

მეტიც, ამ მიზნით აშშ ახდენს დემოკრატიების გლობალური კავშირის ფორმირებას, ცდილობს დატოვოს ჩინეთი სტრატეგიულ სიმარტოვეში და დაანახოს ყველა მოთამაშეს, თუ რა დანაკარგებს განიცდიან, თუ დადგებიან ჩინეთის მხარეს. აშშ ასევე აქტიურად მხარს უჭერს ჩინეთის მეზობლებს, ვის მიმართაც ჩინეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორი ურთიერთობა ექნება ჩინეთს აშშ-სთან? და როგორ აისახება მათი ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკაზე?

- ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია, თუმცა ის არ სცილდება ეკონომიკურ თემებს და აგრესიულ რიტორიკას. მიუხედავად ამისა, სრულიად ნათელია, რომ მსოფლიოს დაძაბულობის მომავალი ცენტრი სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისაკენ გადაინაცვლებს და არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადავიდეს.

დიდი ალბათობით, 2050 წლამდე ასეთი მოცემულობა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ჩინეთს კარგად ესმის, რომ მისი არმია ჯერ მზად არ არის და სიც სწორედ ამ მიმართულებით აქტიურობს.

არ უნდა მოგვატყუოს სი ძინპინის მკვეთრად მშვიდობიანმა რიტორიკამ მე-20 ყრილობაზე. მისი სიტყვებით ჩინეთი არასდროს ისწრაფვის მსოფლიო ჰეგემონიისკენ და არასდროს მოახდენს მეზობლების ექსპანსიას. სინამდვილეში ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რომლის უკან უკვე სრულად ფორმირებული დიქტატორული რეჟიმი დგას. ასეთი რეჟმი კი ვერასდროს იქნება მშვიდობიანი

მეორე მხრივ, არც ამერიკა დგას უმოქმედოდ. ისიც მზადების პროცესშია. გავიხსენოთ ობამას წამოწყებული და შემდგომში ჩავარდნილი წყნარი ოკეანის სარტყელის პროექტი. შემდეგ ტრამპის ეკონომიკური ომი ჩინეთთან. იმავე პერიოდში შეიქმნა ჩინეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ჩინეთისაგან მომდინარე საფრთხეების საფუძვლიანად შესასწავლად.

ბაიდენის პერიოდში კი ჩვენ ვნახეთ ახალი სამხედრო-სადაზვერვო გაერთიანების AUKUS-ის შექმნა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის სამხედრო მონიტორინგით იქნება დაკავებული. რაც მთავარია, ბაიდენის მიერ მოწვეულმა სამიტმა დემოკრატიისთვის ძალიან მკვეთრად გაავლო ზღვარი მსოფლიოს დემოკრატიულ და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის საქართველოც იქნა მიწვეული.

არ უნდა მოგვატყუოს სი ძინპინის მკვეთრად მშვიდობიანმა რიტორიკამ მე-20 ყრილობაზე. მისი სიტყვებით ჩინეთი არასდროს ისწრაფვის მსოფლიო ჰეგემონიისკენ და არასდროს მოახდენს მეზობლების ექსპანსიას. სინამდვილეში ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რომლის უკან უკვე სრულად ფორმირებული დიქტატორული რეჟიმი დგას. ასეთი რეჟიმი კი ვერასდროს იქნება მშვიდობიანი.

- იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ვითარდება, მხედველობაში მაქვს ომი უკრაინაში, ამ ომთან დაკავშირებით ერთი მხრივ ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთის პოზიცია, ხოლო მეორე მხრივ პეკინის მომლოდინე რეჟიმში ყოფნა, რაც გულხელდაკრეფულობას სულაც არ ნიშნავს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის, როგორც უდიდესი ეკონომიკისა და ასევე დიდი პოლიტიკური გეგმების მქონე ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივები საქართველოსთან.

სავარაუდოდ რა ტოპის და როგორი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს?

- ჩემი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელია საქართველოს გაუჩინოს მოულოდნელი შესაძლებლობების ფანჯარა. თუ აბრეშუმის სარტყლის პროექტში ჩინეთიდან მთავარი ლოგისტიკური მიმართულებები იყო რუსეთსა და პაკისტანზე გამავალი გზები, ხოლო საქართველოს მიმართულება მხოლოდ დამხმარე გზად განიხილებოდა, დღეს შეიძლება რუსეთზე მიმავალი ტვირთების გარკვეული და შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩვენს მიმართულებაზე გადმოერთოს.

რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელია საქართველოს გაუჩინოს მოულოდნელი შესაძლებლობების ფანჯარა... დღეს შეიძლება რუსეთზე მიმავალი ტვირთების გარკვეული და შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩვენს მიმართულებაზე გადმოერთოს

ეს მთლიანად იქნება დაკავშირებული საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობაზე, რომლების დაწყებასაც არა და არ დაადგა საშველი მიუხედავად მათი განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობისა.

გარდა ამისა, საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალის გაზრდისთვის უმნიშვნელოვანესია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება, რომელიც ტვირთებს მიმართავს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან თურქეთის და შემდეგ ევროპის მიმართულებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს ერთ - ერთი საკითხი სწორედ ეს რკინიგზაც იყო. ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია აჩენს შესაძლებლობებს და საქართველომ დღევანდელი ვითარება სწორად უნდა გამოიყენოს. ამისთვის კი აუცილებელია ჩინეთთან მაქსიმალური დაახლოება და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური, ბიზნეს და ყოფითი სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს