მიხეილ ჩხენკელმა იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ქალაქ თბილისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ზარდიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლალი ახვლედიანს, ხოლო მესამე ადგილი თბილისის 112-ე საჯარო სკოლისა და შპს „ლამპრის“ პედაგოგს მარიამ გვასალიას ერგო. კონკურსის ფარგლებში დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკრის“ პედაგოგს რუსუდან ყოინაშვილს გადაეცა.

„მინდა, თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტობა და მთელი გულით გისურვოთ წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმიანობაში!

თქვენ, პედაგოგები ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას და ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც განათლებული თაობების აღზრდით შეგაქვთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების როლის კიდევ უფრო დაფასებას და მათი შრომის აღიარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ტრადიციას კვლავ ვაგრძელებთ და დღეს მაქვს პატივი, ფინალისტებს პირადად მივულოცო მიღწეული წარმატება.

ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში მასწავლებლობა კიდევ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ყოველწლიურად მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ.

მსურს, მადლობა გადავუხადო კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს – იტალიის საელჩოსა და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველ წელს აქტიურად არიან ჩართულნი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ორგანიზებაში.

ჩვენ იტალიასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და განათლების ყველა საფეხურზე არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ, მინდა, პედაგოგებს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება, პროფესიული წინსვლა და კეთილდღეობა გისურვოთ!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცერემონიის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს სპეციალური პრიზები მიხეილ ჩხენკელმა, კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გადასცა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ,

იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან – იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია „მინერვა”.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა