2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადასცა.
ამასთან, ამავე პერიოდში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მხოლოდ 2 ფართი აქვს გამოსყიდული, რაშიც 142 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. კერძოდ, 2022 წლის 1-ელ მარტს საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 52 კვ.მ-ის ფართში 85 644 ლარი გადაიხადა, ხოლო 2022 წლის 5 ივლისს, სოფელი დიღომში, ტიმოთე ბელოის ქუჩა N7გ-ში მდებარე 484 კვ.მ-ის ფართში 57 112 ლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება 2021 წელს, მერიას ფართები არ გამოუსყიდია, მან ჯამში 41 210 კვ.მ-ის ფართის ქონების მუნიციპალიტეტისთვის დასაბრუნებლად, ჯამში, 94 869 კვ.მ-ის ფართის ქონება დათმო.