დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება სახელწოდებით - „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დედაქალაქის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, ურბანული განვითარების პერსპექტივებზე და თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელონ.
„წლების განმავლობაში, აღნიშნული ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების მიმართულებით, გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და ახალი იდეების გააზრების ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. განვაგრძობთ ამ მრავალწლიან ტრადიციას და ვცდილობთ, ფორუმზე წარმოდგენილი თემატიკა იმ თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს პასუხობდეს, რომელიც ქალაქებისა და ქვეყნების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თბილისში ურბანული განვითარების ტემპი და ამ კუთხით ბოლო პერიოდის მიღწევები.
„ჩვენს დედაქალაქში ურბანული განვითარების ტემპი და ბოლო პერიოდის მიღწევები ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქის ურბანული პოტენციალის ზრდა და ამ მხრივ, მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთება. ამ პრინციპისადმი ერთგულება დავადასტურეთ, მათ შორის, პანდემიის პერიოდში. მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ, რომლის ეფექტი და სიკეთეები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო საგრძნობი გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად მუშაობენ ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე. ისინი ჩართული არიან რეგიონის განვითარების პროცესში. მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ადგილობრივ და უცხოელ სპიკერებს, ჩემს კოლეგებს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელს, აქ მყოფ სტუდენტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან იმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდეციებსა და საჭიროებებს მოიცავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია დაესწრნენ.