„გირჩი“ მზადაა, სახალხო დამცველად იაგო ხვიჩიას არჩევის შემთხვევაში, ორი მოადგილის თანამდებობა დაუთმოს იმ ორ პარტიას, რომლისგანაც ხვიჩია ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს

„გირჩი“ მზადაა, სახალხო დამცველად იაგო ხვიჩიას არჩევის შემთხვევაში ორი მოადგილის თანამდებობა დაუთმოს იმ ორ პარტიას, რომლისგანაც სახალხო დამცველად არჩევის დროს ხვიჩია ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

ამის შესახებ „გირჩი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოადგილეების მეშვეობით პარტიები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტულ თემებზე იმუშაონ.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და მისი ფუნდამენტური უფლებებია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება. ყველა სხვა უფლება აქედან გამომდინარეობს.

ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ხელოვნურად მოგონილი „უფლებები“, რომლებიც ამ სამეულთან მოდის წინააღმდეგობაში, თავისი შინაარსით, პრივილეგიებია და არა უფლებები.

დღევანდელ საქართველოში ყველაზე მტკივნეულად სისტემა ადამიანის თავისუფლებას ეხება. ციხეში მყოფი ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან სახელმწიფოს წინაშე.

პატიმრების გარდა, უამრავი ადამიანი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და ჩამორთმეული აქვს ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი უფლებები.

ჩვენი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, სახალხო დამცველი და მისი აპარატი კონცენტრირებული იქნება მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემებში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან საპარლამენტო კონტროლზე.

სწორედ ამ უფლებებთან (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) დაკავშირებით გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები და მოვითხოვთ პარლამენტის მხარდაჭერას იმ ნორმატიული აქტების შესაცვლელად, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ვეცდებით დავარწმუნოთ საქართველოს პარლამენტი, რათა ისეთი დანაშაულები, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, მინიმუმ, ციხით არ ისჯებოდეს.

ამავდროულად, გვესმის რა, რომ განსხვავებულ პარტიებს ადამიანის უფლებების დაცვაში განსხვავებული ხედვები და პრიორიტეტები გააჩნია, ხოლო ევროინტეგრაციის კონტექსტში ფართო კონსენსუსი აუცილებელია, ჩვენ მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზებით:

სახალხო დამცველს ჰყავს ორი მოადგილე. ამ ორ თანამდებობას დავუთმობთ იმ ორ პარტიას, რომლისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას მივიღებთ სახალხო დამცველად არჩევის დროს. ამ მოადგილეების მეშვეობით კი პარტიები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტულ თემებზე იმუშაონ.

ჩვენი წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სახალხო დამცველის არჩევა ფართო კონსენსუსის კარგი მაგალითი გახდება. ეს არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესში ითამაშებს დადებით როლს, არამედ ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუციის მეტ ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვაში გამოიხატება“,- ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა