საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით, ამერიკელი პროფესორი სემინარებს ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ლონგ აილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, ბაშკარ დასს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესორი ბაშკარ დასი, რომელიც სტუ-ში 6-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფორმატში, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს უძღვება.

„ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა, ბაშკარ დასმა სამუშაო შეხვედრები ჩაატარა, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ასევე, სხვა ადმინისტრაციული და აკადემიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მან სტუ-ის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე გაეცნო ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტუ-ის სტუდენტების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ინოვაციურ პროექტებს. შეხვედრების გახსნას, აგრეთვე, ესწრებოდა სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების რეგიონული დირექტორი ტიმოთი ბლაუველტი.

პროფესორ ბაშკარ დასის საქართველოში ვიზიტს წინ უძღოდა UCBP პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, დოქტორ დავით მახვილაძის განცხადებით, ქართული დელეგაცია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ტურით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც არაერთ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას ეწვია, გაეცნო ინფორმაციას ინოვაციების, ტექნოლოგიების მართვა-გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა მიდგომების, ფონდების მოძიებისა და კვლევის კომერციალიზაციის შესახებ.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელი წარმატებით გრძელდება, დატვირთულია უმნიშვნელოვანესი ვიზიტებით და ახალი შესაძლებლობებით. უნივერსიტეტს ესტუმრა გამორჩეული და წარმატებული მეცნიერი, პროფესორი ბაშკარ დასი ლონგ აილენდის უნივერსიტეტიდან. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთი კვირის განმავლობაში, ტარდება სემინარები და ჩვენს მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ღირებული ინფორმაცია ტექნოლოგიური ტრანსფერის, კომერციალიზაციის შესაძლებლობების და აუცილებელი პროცედურების შესახებ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წარმატებით დაძლევა, ვგულისხმობთ ტექტრანსფერსა და კვლევების კომერციალიზაციას, აშშ-ის უნივერსიტეტებს უქმნის შესაძლებლობას, რომ თავიანთი სამეცნიერო კვლევები გაცილებით მასშტაბური და ინოვაციური გახადონ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი რესურსი, რომელიც განვითარებულ სამყაროში აკუმულირდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - აღნიშნა დავით მახვილაძემ.

ლონგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორის, ბაშკარ დასის პირველადი შეფასებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ტექტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით, მრავალმხრივი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, საქართველოში ვიზიტისას, დამატებით ჩატარდა სემინარი სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამონაწილეობით, თემაზე: „კვლევის დაფინანსება, ტექნოლოგიური ტრანსფერი და კომერციალიზაცია (ძირითადი საკითხები და ინსტრუმენტები)“.

სტუ-ის ინფორმაციით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (University Capacity Building Program - UCBP) ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო