მზია გიორგობიანი - USAID-ის ახალი პროგრამა მიმართულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქეისთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა ოფიციალურად გახსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, 5-წლიანი პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია, არანაკლებ 22 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

„ახალი პროგრამა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით წარიმართება, მიმართულია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და მთავრობის მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებისაკენ. პროგრამაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულ მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ეფექტური გახადონ საკუთარი ყოველდღიური საქმიანობა და ასევე, განავითარონ არსებული და ახალი სერვისები. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისათვის, როგორც სერვისების მიღების თვალსაზრისით, ისე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი პროგრამა იქნება ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მხარდამჭერი. მისი მიზანია, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ძლიერი მუნიციპალიტეტები, რომელთაც ექნებათ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, სამოქალაქო სექტორი კი, უფრო მეტად იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ძლიერი თვითმმართველობა არის ძლიერი ქვეყნის საფუძველი. ის დახმარება რომელიც უკრაინის ომის დროს უშუალოდ სახელმწიფოს მიერ იქნა გაწეული, არ იყო მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეული მხარდაჭერა. ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც უშუალოდ მუნიციპალიტეტებმა გაწიეს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით და ასეთი პრაქტიკის გათვალისწინებით, პირველი ქვეყანა ვიყავით“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამის მიზნებს და ამოცანებს და რეგიონებში თვითმმართველობის აღქმასა და საჭიროებებზე მოკლე მიმოხილვას.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით