ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფმა ნიკა გვარამიამ საჯარო მიმართვა გაავრცელა, რომლითაც მან საზოგადოებას „მთავარი არხის“ დახმარება სთხოვა.

აღნიშნული განცხადება გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა „მთავარი არხის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა.

გვარამიამ გავრცელებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა არხის თანამშრომლებს და ასევე აღნიშნა, რომ „დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა „მთავარი არხის“ ყოფნა - არ ყოფნაზე გადის და არა მის გათავისუფლებაზე“.

„მთავარ არხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ამაში ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც - მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ. დასავლური ფრონტი მთავარი ხაზი ახლა „მთავარი არხის“ ყოფნა - არ ყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს - ამას თქვენ გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რაიმე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს „მთავარი არხის“ გადარჩენაა.

ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ „მთავარს“. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა „მთავარი არხის“ დახმარებაა. დაეხმარეთ „მთავარს“ - ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ „მთავარი“ - ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა ერთი ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით, გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა, გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა, გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ, გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით - დაეხმარეთ „მთავარ არხს“, ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად, დიდი იმედით და მადლიერებით, ნიკა გვარამია“, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ