ვიქტორ ყიფიანი შავი ზღვის რეგიონის განვითარებისა და უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მოწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე - Challenges and Development Paths for a Cooperative Identity in the Black Sea Region, რომელსაც ორგანიზება ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტში არსებულმა გლობალური კვლევების ცენტრმა (რუმინეთი) გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანს შავი ზღვის რეგიონის ფენომენზე მსჯელობა და რუმინეთის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინაშე არსებული უსაფრთხოების, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზების ძიება წარმოადგენდა.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობას ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან წამყვანი ანალიტიკოსები, ექსპერტები, ასევე სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენციის სპეციალური სესიის მომხსენებლებს შორის რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ირინა ზიდარუ, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, იჰორ პროკოპჩუკი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ბექა ჩხეიძე, Ukrainian PRISM-ის უსაფრთხოების კვლევების პროგრამის დირექტორი და Ukraine Analytica-ს მთავარი რედაქტორი, ჰანა შელესტი, ქართული ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ასოცირებული პროფესორი IDIS Viitorul-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და მოლდოვის რესპუბლიკის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში, იგორ მუნტეანუ იყვნენ.

ღონისძიება გლობალური კვლევების ცენტრის უფროსმა ანალიტიკოსმა, ლეონელა ლეკამ და ამავე ორგანიზაციის დირექტორმა, სილვიუ ნატემ გახსნეს და დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის კონტექსტში განიხილა და აღნიშნა, რომ შავი ზღვა დიდი გლობალური ძალების კონკურენციის ობიექტი ხდება და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები კარგად უნდა აღიჭურვონ და მოემზადონ როგორც არსებული, ასევე ახალი გამოწვევების დასაძლევად.

„გლობალური უსაფრთხოების მოდელი განჭვრეტად მომავალში იქნება უფრო კომბინირებული, გაერთიანებული და ურთიერთდაკავშირებული. გლობალური უსაფრთხოების მომავალი დაფუძნებული იქნება რეგიონალური დაქსელვის (hub-and-spoke) მოდელებზე. იქნება უფრო მკვეთრად გამოხატული რეგიონალური ცენტრები. ისინი ერთმანეთს მეტი უსაფრთხოებისა და ინვესტიციებისათვის კონკურენციას გაუწევენ. ეს კი კიდევ ერთი სტიმული უნდა იყოს ჩვენთვის, რომ გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და ამ კონკურსში გასამარჯვებლად მცდელობა არ დავაკლოთ. შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია არის ის, რასაც ახლა უნდა განვიხილავდეთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან დაკავშირებით, ვიქტორ ყიფიანმა გამოსვლისას შავი ზღვის დეკლარაციის შესახებ თავისი იდეა გააჟღერა, რომელსაც ხელს შავი ზღვის თანამოაზრე ქვეყნები (რუსეთის გარდა) მოაწერდნენ.

როგორც მან აღნიშნა, დეკლარაცია, სხვა საკითხებთან ერთად, კონცენტრირებული იქნება კორუფციული და განსაკუთრებული გავლენის ზონებისგან თავისუფალი რეგიონის ჩამოყალიბებაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციაზე, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელებაზე, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიზნით, რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე. უსაფრთხოებაზე საუბრისას, მან ყურადღება ქვეყნებს შორის შედარებით მცირე ალიანსების შექმნაზე გაამახვილა და მაგალითისათვის AUKUS (ავსტრალია-ბრიტანეთი-აშშ ალიანსი) მოდელი მოიყვანა.

ვიქტორ ყიფიანმა ხაზგასმით აღნიშნა, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ შავი ზღვა ევრაზიული უსაფრთხოების განუყოფელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აზიასთან ერთდროულადაა დაკავშირებული.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის ერთიანობის საფუძველი საერთო რისკების, საფრთხეებისა და გამოწვევების აღქმაა“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა თავისი სიტყვის შეჯამებისას.

სადისკუსიო სესიის დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, განხილული საკითხებისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს