ვასო ურუშაძე - თბილისში პარკირების 1 ადგილზე 13 მანქანა მოდის - ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვერ მივაგენით 12 ლოკაციაზე კალაძის დანაპირებ მრავალსართულიან მიწისქვეშა პარკინგს

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანტიკორუფციული მოძრაობიდან აცნობეს, ვასო ურუშაძემ ისაუბრა თბილისში არსებული პარკირების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ პარკირების პრობლემა, გარდა შექმნილი დისკომფორტისა, ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, რაც დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

„დედაქალაქის მოქმედი მერი თბილისელებს ჰპირდებოდა ქალაქში 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის იყო: ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური „ვარკეთილი“ და გეგეშიძის ბაღი. წინასაარჩევნოდ ეს კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობა იგეგმებოდა. დაპირების შესასრულებლად აუცილებელი წინაპირობა არსებობდა, კომპანია „სი-თი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელიც ერთადერთია, რაც კახა კალაძემ ზედმიწევნით შეასრულა.

დღეს 2022 წელია, 5 წელი გავიდა „დიდი დაპირებების“ საარჩევნო მარათონიდან, პარკირების პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ, მისი სიმწვავე ყოველდღიურად მატულობს. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, თბილისის მასშტაბით 12 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებულ მრავალსართულიან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვერ მივაგენით, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, მიგვემართა წერილობით თბილისის მერიისთვის და გაგვეგო, პარკირების რამდენი ადგილი იყო დედაქალაქში 2017 წელს, როცა ქალაქს კომპანია „სი-თი პარკი“ ემსახურებოდა და რამდენია დღეის მდგომარეობით, კახა კალაძის მმართველობის 5 წლის თავზე.

თბილისის მერიისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს დედაქალაქში 32257 ავტომობილისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი იყო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 28478-ია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, როგორც ამას კახა კალაძე გვპირდებოდა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

მაჩვენებლები კატასტროფულია, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თბილისში ცხოვრობს 1 200 000 ადამიანი და საშუალოდ გადაადგილდება 364 800 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, რაც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ თუ პარკირების ადგილების რაოდენობას გავყოფთ ავტომობილების რაოდენობაზე ვნახავთ, რომ პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის.

მართალია, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა, ნაცვლად მიწისქვეშა ავტოსადგომებისა და დამატებით 3000 საპარკინგე ადგილისა, მივიღეთ 3779 ადგილით ნაკლები, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს, თბილისის მერს შეიძლება დაავიწყდეს თბილისელების საჭიროებები, მაგრამ მას არასდროს ავიწყდება თავისი ინტერესები, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა გახუთმაგდა, თუ ის 2017 წელს მხოლოდ 10 ლარი იყო, დღეს უკვე 50 ლარის გადახდა მოგიწევს, რითაც შეივსება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი და უფრო კარგად მოემსახურება ჩინოვნიკების მოთხოვნილებებს, რაც ხშირ შემთხვევაში კორუფციაზე გადის-ასეთია გზა „სი-თი პარკიდან“ კალაძემდე“, -აცხადებს ვასო ურუშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო