„ადვოკატთა ასოციაცია“ გორის რაიონულ სასამართლოს სხდომის დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ 2022 წლის 3 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სხდომის დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელიც საქმის განმხილველი მოსამართლის მხრიდან ადვოკატის მიერ სოციალური მედიით გავრცელებული პირადი მოსაზრებების განხილვა-შეფასებას შეეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, მის მიმართ საჯაროდ, პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების თანდასწრებით მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ და მუქარანარევ გამონათქვამებს, რაც ადვოკატის მიერ სოციალურ მედიაში საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს უკავშირდებოდა და რაც არანაირად არ ეხებოდა სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას.

„გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ადვოკატები სხვა მოქალაქეების მსგავსად სარგებლობენ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. მათ უფლება აქვთ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს, იყვნენ კრიტიკულნი თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვისას ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშემშლელი ფაქტორების მიმართ, ხოლო, ამ უფლებათა რეალიზაციისას იმოქმედონ იურიდიული პროფესიის აღიარებული ეთიკური სტანდარტებით.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო პროცესის დროს ადვოკატთან პოლემიკა, მის მიერ სოციალური ქსელით გამოთქმულ პირადი მოსაზრებების შეფასება-ანალიზის კუთხით, რაც საერთოდ არ უკავშირდება განსახილველ საქმესა და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის საკითხებს, აზიანებს იურიდიული პროფესიისა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების პროფესიათა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომათა დარბაზში იმოქმედონ კოლეგიალობის პრინციპის დაცვითა და პროფესიათა შორის დიალოგის სულისკვეთებით, ხოლო, რაიმე სახის წინააღმდეგობრივი გარემოებებისა თუ კონფლიქტური სიტუაციის არსებობის შემთხვევაში საკითხი განიხილონ არა პირადად, არამედ იურიდიულ პროფესიათა შესაბამისი ეთიკური ფორმატების მეშვეობით.

ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით შეისწავლის ადვოკატის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, გაეცნობა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ამსახველ აუდიო ოქმს და ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა თუ მის მიმართ არაკოლეგიალური ქცევის არსებობის შემთხვევაში სათანადო სამართლებრივ პროცედურებს მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა