თელავში, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე სკვერში ახლად რეაბილიტირებული ძეგლი - ,,შენ ხარ ვენახი" საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა მის ავტორთან ჯემალ თუშურაშვილთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას აბბა ალავერდელი მეუფე დავითი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები დაესწრნენ.
„აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ერთხმად არ მიგვიღია. პროცესს წინ უძღოდა მოქალაქეთა გამოკითხვა, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილთან დიალოგის შემდეგ მივიღეთ. როდესაც ძეგლის ხელახალ განთავსებასა და რეაბილიტაციაზე ვფიქრობდით, აზრთა სხვადასახვაობა გამოიწვია ძეგლის განთავსების ადგილმა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტორის პოზიცია და ბატონი ჯემალის გადაწყვეტილებით „შენ ხარ ვენახი“ პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა.
ძეგლი „შენ ხარ ვენახი“ თამამად შეიძლება ითქვას, თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის. ეს ძეგლი იყო და არის ქალაქის იერსახის განუყოფელი ნაწილი, იგი ორგანულად არის შერწყმული ქალაქის ცენტრალური სივრცის კომპოზიციასთან. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რომელიც „შენ ხარ ვენახის“ ძეგლის დადგმას უკავშირდება, არის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქება ვაზისა“ დაარსება. მადლობას ვუხდი მის ავტორს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის შედეგადაც მოვედით აქამდე, რომ დღეს საზეიმოდ გავხსნათ ახლადრეაბილიტირებული „შენ ხარ ვენახი“! - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.