საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება

ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ცნობით, ბიზნეს სექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, შრომის ინსპექციისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანებებსა და პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, განახლებული შრომის კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე, განსაკუთრებით პრობლემური საკითხი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის მოუქნელობა და სირთულე იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის გარშემო გაიმართა კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებთან, საკითხის გადაწყვეტაში ასევე ჩაერთო ინვესტორთა საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

„შედეგად, ცვლილებები განხორციელდება შესაბამის ნორმატიულ აქტში, რის საფუძველზეც სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება მაქსიმალურად გამარტივდება. აღსანიშნავია, რომ სავალდებულოდ შესავსები გრაფები პრაქტიკულად განახევრდება და დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა სავალდებულო აღარ იქნება.

ასევე, საწარმოებში, სადაც სამუშაო განრიგი დაკავშირებულია ცვლებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება შესაძლებელი გახდება ცალკე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ფორმის წარმოებისას აღარ იქნება აუცილებელი დასაქმებულის სამუშაოზე არგამოცხადების მიზეზების შესახებ ჩანაწერების ფორმაში ასახვა. ასევე საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ პროექტი პირდაპირ ითვალისწინებს სამუშაო დროის ელექტრონულად აღრიცხვის და შესაბამისი მონაცემების ასევე ელექტრონულად შენახვის შესაძლებლობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ბიზნეს სექტორს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

„მოხარულნი ვართ, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შედეგიანი გამოდგა, ვინაიდან ბიზნეს სექტორისთვის ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქება ხელს შეუწყობს მის ეფექტიან ოპერირებას“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა