ლონდა თოლორაია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები არ დგანან იქ, სადაც უნდა იდგნენ

საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ მესამე სექტორში გადაინაცვლა. ახლა ის უკვე ამ სექტორიდან ადევნებს თვალს და „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ ერიდება იმ სამსახურების მუშაობის შეფასებას, რომლებიც ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად წარმოიშვა.

გაამართლა თუ არა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბებამ, ხედავს თუ არა ყოფილი უფროსი სამსახურების მხრიდან დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას და როგორ აფასებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ლონდა თოლორაია ვრცლად ინტერვიუში საუბრობს.

- თქვენი, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარმოიშვა. სამსახურების ხელმძღვანელებმა, დაახლოებით, 2 თვის წინ წარადგინეს მუშაობის 6 თვის ანგარიში, რომელშიც აშკარად იკვეთება, რომ ისინი განხორციელებული რეფორმით კმაყოფილები არიან, წინა წლებთან შედარებით კონკრეტულ მიღწევებზეც კი საუბრობენ. უკვე დისტანციიდან და ცივი გონებით, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ამ რეფორმას ? დღესაც ფიქრობთ, რომ ეს არ იყო რეფორმა, არამედ „შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე“?

- მე მაშინაც ვთქვი, რომ პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები არასდროს. ეს რეფორმა რომ განხორციელებულიყო ისე, რომ ამას არ გამოეწვია კითხვის ნიშნები, რატომ ხდებოდა ამ ორი უწყების გაყოფა, მაშინ შეიძლებოდა, ყველას ეფიქრა, რომ დამოუკიდებლად ეს სამსახურები ბევრად ეფექტიანად იმუშავებენ. კითხვის ნიშნები გაჩნდა იმიტომ, რომ ეს სამსახურები გაყვეს ისე, რომ მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, საერთოდ არაფერი მითხრეს და გავიგე ტელევიზიით. ეს სამსახურები გაყვეს ისე, რომ არც ერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობდა ეს ორი ფუნქცია ერთად, არ დაუსვამთ ამ სამსახურისთვის. კითხვის ნიშნები გაჩნდა იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტს ბოლო ორი წელი საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში არ მოუსმენია და საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, კარგად მუშაობდა, ცუდად მუშაობდა, ნაკლებად კარგად, არავინ იცის. ამ სამსახურის გაყოფა დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აღმოჩნდა, რომ მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის და დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებს კანონპროექტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, გაურკვეველი იყო რეფორმის ფორმა - არჩევითი თანამდებობის პირი გაუშვა სახლში, რისი პრეცედენტიც არ ყოფილა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში ნიშნავდა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო არა რეალური რეფორმისთვის გაკეთებული, არამედ ლონდა თოლორაიას გაშვებისთვის. ამაზე ბევრი ვისაუბრე და სიმართლე გითხრათ, მინდა, ეს ფურცელი გადაიშალოს. ამაზე, რა თქმა უნდა, აზრს არ შევიცვლი, ეს რჩება მოცემულობად.

- ამ ორი სამსახურის უკვე ამ დონეზე ფუნქციონირებამ ნაწილობრივ მაინც არ გაგცათ პასუხი, რატომ გახდა ამ ორი სამსახურის გაყოფა საჭირო? მაგალითად, კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 6 თვეში 1267 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, 246 სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურის რეგიონული დაფარვა გაიზარდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კი 6 თვეში მონაცემთა დამუშავების კანონიერების 76 შემოწმება ჩაატარა და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 70 ფაქტი დაადგინა. რას გეუბნებათ თუნდაც ეს რიცხვები სამსახურების ეფექტურობასთან დაკავშირებით?

- მოდით, დავიწყოთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურიდან. ეს არის სამსახური, რომელმაც უნდა დაიცვას ქვეყანაში პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ 6 თვე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, შეაფასო რეფორმა წარმატებულია თუ არ არის წარმატებული. ამ სამსახურების ხელმძღვანელები როცა ამბობენ, რომ რეფორმა წარმატებულია, ჩემი აზრით, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. მე ცოტა დავიცდიდი, სანამ ამ განცხადებას გავაკეთებდი. თუმცა, მოდით ფაქტებზე ვისაუბროთ, რათა შევაფასოთ და კორელაცია გავაკეთოთ იმის, თუ რატომ დაშალეს სამსახური. დაშალეს ეს სამსახური იმიტომ, რომ მას არ გაეკეთებინა კრიტიკული შეფასებები მაშინ, როცა კრიტიკული შეფასება იყო გასაკეთებელი, კრიტიკული შეფასების გაკეთება თვითმიზანი არ იყო. თქვენ გახსოვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიმე განცხადება, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან მაშინ, როცა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები იყო პირადი ცხოვრების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით? არანაირი ასეთი შეფასება ამ სამსახურს არ გაუკეთებია. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, გაუარესდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მდგომარეობა. მეც ვიყავი ამ კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში და მაინტერესებდა, რა პოზიცია ექნებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იტყოდა თუ არა იმას, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეს კანონი უქმნიდა საფრთხეს. პირიქით, გამოვიდნენ ამ სამსახურის წარმომადგენლები და თქვეს, რომ „მიესალმებიან და რა დიდი უბედურება ხდება ახლა ამ კანონის მიხედვითო“. ჩემთვის ეს უკვე იყო საზომი, სად იდგა ეს სამსახური, როდესაც იმ უფლებას, რომელსაც იცავს, ემუქრებოდა საფრთხე და თქვენ იცით, რომ ეს იყო კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამ პირობებში ჩემთვის გაეცა ამ კითხვაზე პასუხი, რომ ეს სამსახური არ დგას იქ, სადაც უნდა იდგას. შეიძლება ამ სამსახურმა ობიექტურად გადაწყვიტოს ერთი რიგითი დავა, რომელიც ეხება ერთი კონკრეტული მოქალაქის უფლების დაცვას, რაც ასევე მნიშვნელოვანია და მივესალმები, მაგრამ იქ, სადაც კრიტიკული პოზიციაა დასაფიქსირებელი, როდესაც მიიღება კანონი, რომელიც ამ უფლებას უქმნის საფრთხეს, ახანგრძლივებს მოსმენის ვადას, საერთოდ მოქალაქეს ართმევს უფლებას, გაიგოს უსმენდნენ თუ არა და შეიძლება ისე მოვკვდეთ, ვერც გავიგოთ, რომ გვისმენდნენ და ამ დროს ეს სამსახური ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა - ეს ჩემთვის არის უკვე საზომი, რატომ არ არის დღეს ლონდა თოლორაია და რატომ არის სხვა მენეჯმენტი.

ასევე, გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს სამსახური წარმატებულია. მე ვერ მოვისმინე კონკრეტულად რეფორმამ რატომ გაამართლა, ერთადერთი რაც მოვისმინე იყო ის, რომ მომართვიანობა გაიზარდა და ამიტომ რეფორმამ გაამართლა. მომართვიანობა ამ სამსახურში ბევრად მაღალი იყო კოვიდ პანდემიის დაწყებამდე, კოვიდ პანდემიამ მომართვიანობა შეამცირა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამიტომ მომართვიანობის გაზრდით რეფორმის გაზომვა არასერიოზულია, როცა აბსოლუტურად სხვა რამეს უკავშირდება და მოდით, ჯერ სხვა საქმეები დაგვანახონ, რას გააკეთებენ.

ჩემზე დიდი გულშემატკივარი ამ თემებს არ ჰყავს და თუ რაიმე კარგი მოხდება ამ სამსახურებში, მე მხოლოდ მივესალმები და არ გამიჭირდება კარგის დანახვა.

გადავიდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. მას იმდენი არარელევანტური მუხლი და დანაშაული დაემატა, შეუძლებელია, ეს სამსახური ეფექტურად იძიებდეს იმას, რასაც იძიებდა იქამდე და რისთვისაც ეს სამსახური ოდესღაც შეიქმნა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეთავსებით. ის შეიქმნა იმისთვის, რომ გამოეძიებინა მოხელეთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები და არა მოქალაქეების მიერ ჩადენილი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ან მოქალაქის მიერ ჩადენილი ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაული. შეუძლებელია, იმიტომ, რომ მე ჩემს ორივე ანგარიშში ვწერდი, რომ არსებული რესურსით ჩვენ ამ დანაშაულებს ვერ ვიძიებთ და რესურსი თითქმის იგივეა ახლაც- 2-3 კაცის მეტობა ან ნაკლებობა არაფერს ნიშნავს ამდენი მუხლის ფონზე.

ვნახე სამსახურის ხელმძღვანელის ინტერვიუ თქვენთან, „ინტერპრესნიუსზე“, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მუხლების ჩამოშორებაზე, რაც 6 თვის წინ დაამატეს. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა ცოტა ერიდებათ 6 თვეში ამ მუხლების ჩამოშორება. მე ძალიან მეცოდებიან თანამშრომლები. შეუძლებელია ამდენი საქმე ერთდროულად გამოიძიონ.

რაც შეეხება რეგიონალურ განვითარებას, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მისასალმებელია, ძალიან კარგია. ეს ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა და სამოქმედო გეგმებშიც იყო ჩადებული, უბრალოდ ფინანსების პრობლემა იყო მუდმივად. 2 წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ 2 რეგიონში ოფისის გახსნა - ქუთაისსა და ბათუმში. ამ ტენდენციას მიჰყვებოდა სამსახური და რომ გრძელდება, ეს ძალიან კარგია, მივესალმები და იმასაც მივესალმები თუ საშტატო რიცხოვნობა და ბიუჯეტი ამ სამსახურს გაეზრდება და გაძლიერდება ამ მიმართულებით.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ასევე, ისაუბრა დევნის გაზრდაზე - ეს ადამიანი ამბობს, რომ დევნის დაწყების სტანდარტი მოხელეების მიმართ გაიზარდა. როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ თვითონ იწყებდა დევნას მაშინ, როდესაც თვითონ იყო მდევნელი, პროკურორი, რომელიც ჩვენს მიერ გამოძიებულ საქმეებზე იწყებდა დევნას და როცა წამოვიდა პროკურატურიდან, თაროზე დატოვა რამდენიმე საქმე, რომელზეც დევნა იყო დასაწყები და არ დაიწყო მაშინ, როდესაც დევნის დაწყების სტანდარტი ამ საქმეებზე იყო და თუ არ იყო ამ საქმეებზე დევნის დაწყების სტანდარტი, მას შეუძლია, გაასაჯაროოს ეს წინადადებები და საზოგადოებამ განსაჯოს, ამიტომ, ასეთ ხმამაღალ განცხადებებს მე მოვერიდებოდი.

ყველაზე ცუდად მომხვდა ყურში, თითქოს ეს სამსახური არაეფექტიანად იძიებდა რაღაცებს. ძალიან უხერხული იყო მისი მხრიდან ამის თქმა იმიტომ, რომ მაშინ ესაუბრა, როდესაც ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა თუ რაიმე არაეფექტიანი იყო და არა მაშინ, როდესაც სამსახური დაიშალა და ოპონენტი აღარ დარჩა ამ სამსახურში, ვინც ამაზე პასუხს გასცემს.

ახლა პირველი მოსმენით მიიღო კანონი პარლამენტმა და დიდი ალბათობით, ამ ფორმით მიიღებენ - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში შედის ცვლილებები და კიდევ ემატება რამდენიმე მუხლი გამოსაძიებლად. ეს მუხლები მისასალმებელია და ჯდება ამ სამსახურის მანდატში, რასაც ის უნდა იძიებდეს, თუმცა ამდენი არარელევანტური მუხლის ფონზე, ეს სამსახური როგორ აწევს ამ ყველაფერს, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები.

- ხარისხობრივ ასპექტს ოდნავ რომ გავცდეთ - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აღნიშნული რეფორმა დაანონსდა, ინსპექტორის სამსახურის დასაცავად ამბობდნენ, რომ ის სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მატარებელი და შექმნილ ვითარებაში დემოკრატიულობის შუქურა იყო. როგორ ფიქრობთ, თქვენს შემდეგ წარმოშობილმა სამსახურებმა დაკარგეს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც თქვენ გქონდათ და რაზე დაყრდნობით შეგიძლიათ ამის შეფასება?

- ამ სამსახურების დამოუკიდებლობა რიგით საქმეებში არ გამოჩნდება. ეს გამოჩნდება ისეთ საქმეებში, რომლის მიმართაც საჯარო ინტერესი მაღალია და რომელსაც პოლიტიკური ელფერი დაკრავს. ასეთი საქმეა მაგალითად, გოგაშვილის საქმე. ამ საქმეზე განცხადება 2 დღის შემდეგ გაავრცელეს, მაშინ, როცა სხვა შემთხვევებში არ არის პრობლემა განცხადების გავრცელება. აღმოჩნდა, რომ კამერები წაშლილი იყო ამ საქმეზე, რაზეც ასევე არანაირი კომენტარი ამ სამსახურს არ გაუკეთებია, ამიტომ ასეთი ტიპის საქმეებში უნდა ვეძებოთ დამოუკიდებლობის ხარისხი და საზოგადოება, რაც დრო გავა, უფრო კარგად დაინახავს, სად დგას ეს სამსახური. მე ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ მათ ეს შეძლონ. შეიძლება, ხვალ მიხვდნენ, რომ არასწორ ადგილზე მოხვდნენ ან არასწორი მოთხოვნებია მათ მიმართ და შინაგანი პროტესტი გაუჩნდეთ. 6 თვე არის ძალიან ცოტა დრო, რათა ჩვენ ვისაუბროთ ეს სამსახურები როგორ მუშაობს და აქამდე მე რაც ვნახე, საკანონმდებლო ცვლილებები არის სრული ფარსი და არც ერთი ნორმა მათი გაძლიერებისკენ მიმართული არ არის, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ცვლილებების 95%, ორივე მიმართულებით, შეეხება თანამშრომელთა სოციალურ გარანტიებს, ხელფასებს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ცვლილებების 95%, რომ შიდა საორგანიზაციო საკითხებს ეხება და 5% იმას, რეალურად როგორ უნდა იმუშაონ ამ სამსახურებმა, თქვენ განსაჯეთ, სად შეიძლება ვისაუბროთ ამ სამსახურების გაძლიერებასა და ეფექტიანობის გაზრდაზე...

მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ ვიყავი ადამიანი, რომელსაც შეფერებული ჰქონდა თავისი თანამდებობა და არც ამ თანამდებობას მივტირი. რა თქმა უნდა, გული გწყდება გაწეულ შრომაზე, თუმცა ეს მე არ მიბინდავს გონებას ისე, რომ არაობიექტურად შევაფასო. რეალური საკანონმდებლო გაძლიერების კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე დევს პარლამენტში და არ იღებს პარლამენტი. საგამოძიებო მიმართულების რეალური გაძლიერება თუ უნდათ, აიღონ ის პაკეტი, რომელიც წარვადგინეთ ჩვენ 2021 წლის დეკემბერში. ის ნამდვილად გააძლიერებს ამ სამსახურს იმიტომ, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება პროკურატურისგან, უფრო მეტი ბერკეტი აქვს მოიპოვოს მტკიცებულებები სამართალდამცავი ორგანოებისგან. გაუჭირდება ამ სამსახურს არსებული ბერკეტებით დაამტკიცოს, რომ მართლა უკეთესად მუშაობს.

- რადგან სახალხო დამცველის ოფისი ვახსენეთ, არ შემიძლია გვერდი ავუარო კანდიდატების შერჩევის პროცესს, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შერჩევის პროცესმა კვლავ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ფიქრობთ, რომ ეს ის პროცესია, რომელზეც 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მიგვითითეს? როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება 19 კანდიდატის მოსმენა, რომელთა დიდი ნაწილი, თავად დეპუტატებსაც ესმით, რომ კომპეტენციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან?

- ორ სიტყვას ვიტყვი იმ წესზე, რომელიც სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევად პარლამენტმა დაამტკიცა. ეს წესი ჩემთვის იყო ცოტა ბუნდოვანი. კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ამ კომისიის შეფასება. რეალური სურათის დანახვა კანდიდატებთან დაკავშირებით პრაქტიკულად იყო შეუძლებელი კომისიის შეფასებებიდან გამომდინარე. ბევრ საკითხზე საერთოდ თავი შეიკავეს შეფასებებისგან. შესაბამისად, ამ კომისიის დანიშნულება კონტექსტიდან არის ამოვარდნილი მთელს ამ პროცესში. მეორე, რა თქმა უნდა, ყველა პარტია ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოჰკიდებოდა იმას, ვის წარადგენდნენ პარლამენტში, ვის მოასმენინებდნენ საქართველოს პარლამენტს და მოქალაქეებს, როგორც მომავალ სახალხო დამცველს. ჯერ არც საქართველოს პარლამენტს უნდა აკადრო ყველა ამ კანდიდატის მოსმენა, სადაც კომპეტენციის ნაკლებობაა, ამაზე არ უნდა ცდებოდეს არც პარლამენტი და არ უნდა ცდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ ეს იყო ძალიან არასერიოზული.

სხვათა შორის, დოკუმენტები, რომელსაც წარადგენდნენ ეს ადამიანები კომისიის წინაშე, რომელიც პარლამენტმა შექმნა, კომპეტენციის შეფასების საშუალებას ნამდვილად არ მოგცემდა. რაღაც წინარე ეტაპი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ 19-დან მეტ- ნაკლებად კომპეტენტური ადამიანების ამორჩევა მომხდარიყო იმისთვის, რომ ეს 7 ადამიანი შეკრულიყო და პირველი სავალდებულო ეტაპი გადალახულიყო.

- სანამ საბოლოო შედეგი დადგება, მინდა გკითხოთ, აქამდე გავლილი პროცედურა თუ გიქმნით შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას ნამდვილად სურს დამოუკიდებელი ომბუდსმენის მიღება ამ პროცესის შედეგად... კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში თვალშისაცემი იყო ერთი საინტერესო გარემოება - „ქართულ ოცნებას“ შესწავლილი ჰქონდა სოციალურ ქსელში ამა თუ იმ კანდიდატის აქტივობა, მათ შორის ის, რომელს რა პოზიცია ჰქონდა წლების განმავლობაში დაფიქსირებული „ქართული ოცნების“ თუ ზოგადად, ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესის მიმართ... ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენი აზრით?

- ზოგადად ჩვენ თვალს თუ გადავავლებთ წარსულს, არის თუ არა მისაღები ხელისუფლებისთვის ინსტიტუტი ან ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც ზოგჯერ მათგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს წარსული გამოცდილება ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებისთვის არ იქნება მისაღები კანდიდატი, რომელიც რეალურად იქნება დამოუკიდებელი, თუმცა ეს არის 12 პუნქტის მოთხოვნა და მე ძალიან დიდი იმედი მინდა დავიტოვო, რომ რაღაც „გამონაკლისს“ დაუშვებს ხელისუფლება და ამ პოზიციაზე გვეყოლება ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავს არ დაუქნევს ხელისუფლებას, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად ადამიანის უფლებების სფეროში.

რაც შეეხება „ფეისბუქ პოსტების“ თემას, ზოგადად შეიძლება კითხვის საგანი გახდეს სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მისი პიროვნების მახასიათებელია, მაგრამ მეორეა, როგორ ხდება ამ სტატუსების გამოყენება ამ პირთა წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ყველა კითხვა აგებულია „ფეისბუქ სტატუსებზე“. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც აჩენს წარსულ გამოცდილებასთან ერთად უფრო მეტ კითხვის ნიშანს. 19 კანდიდატის წარდგენაც აჩენს კითხვის ნიშანს, რომ შეიძლება რომელიმე ერთი კანდიდატი არის ისეთი, ან რამდენიმე, რომელიც ხელისუფლებისთვის არის მისაღები და უფრო მარტივი იქნება ხელისუფლებისთვის ცხრამეტივეს წარდგენის შემთხვევაში, ისეთი კანდიდატის ამორჩევა, რომელიც მისთვის არის მისაღები.

- რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ამ საკითხს როგორ უყურებს ყოფილი ინსპექტორი...

- მოდით ცოტა ზემოდან შევხედოთ. ევროკავშირის მოთხოვნებსა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებში სასამართლოსთან ერთად არაერთხელ არის ნახსენები პროკურატურაც. მართლმსაჯულების სისტემა არ შედგება მხოლოდ სასამართლოსგან. ეს არის საგამოძიებო ორგანო, პროკურატურა, სასამართლო. მთლიან ამ ჯაჭვს თუ შევხედავთ, რა ხდება მართლმსაჯულების სისტემაში თავისი საგამოძიებო ნაწილით და დამთავრებული სასამართლოთი, რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს ვერ ვხედავ. პირიქით, ბევრი ისეთი რამ მოხდა ამ პერიოდში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა კითხვის ნიშნები მართლმსაჯულების სისტემის აპოლიტიკურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. გვქონდა საქმეები, თუნდაც განაჩენი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა იმიტომ, რომ სულ რომ მტკიცებულებებით სავსე იყოს ეს საქმე, დრო, კონტექსტი, გამოყენებული სასჯელი ვერც კანონიერების ტესტს პასუხობს და ვერც სამართლიანობის ტესტს პასუხობს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნდა მურუსიძე- გვრიტიშვილი, რამაც დიდი ვნებათაღელვა და უდიდესი კითხვის ნიშნები გამოიწვია. იყო მოთხოვნა, რომ ანტიკორუფციული სამსახური შექმნილიყო და ასევე საოცარი მოდელი იქნა მოფიქრებული - ბიურო შეიქმნა, რომელიც გარდა დამატებით ერთი სამუშაო ჯგუფისა, არანაირი პოზიტიური ხელშესახები ცვლილებების მომტანი არ შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდი რაც არის, დაახლოებაც არ ხდება ხელშესახებ შედეგებთან. მართლმსაჯულების სისტემაში მინიმალურ წინსვლებსაც ვერ ვხედავ. პირიქით, თითქოს უფრო მეტი კითხვის ნიშნების გაჩენა ხდება, როგორც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მიმართ, ასევე სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ალბათ, დრო უკეთ გამოაჩენს, რა მოტივაცია არის იმის, რომ წინ ნაბიჯები კი არა, უკან ნაბიჯები გადავდგათ, მითუმეტეს ამ კრიტიკულ პერიოდში. ხელშესახები რეფორმა არც პროკურატურაში ყოფილა ამ პერიოდის განმავლობაში, არც სამართალდამცავ ორგანოებში. პირიქით, უფრო მეტი წნეხის ჩვენება ხდება ყველასთვის. ჩემი გაშვებით დაანახეს საჯარო მოხელეებს, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევიან, ყველა მათგანი შეიძლება ანალოგიური რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, კანონი მიიღეს, სადაც მოსამართლეებს უთხრეს, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, შეიძლება უაპელაციოდ გადაგიყვანონ ნებისმიერ რაიონში და დაგსაჯოთ თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვისო. ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღი და საშიშია. ყველანაირად მარწუხებში მოქცევა ხდება როგორც კანონის გზით, ასევე პრაქტიკული ქცევებით. საბოლოოდ, ყოველთვის მარწუხებში ხომ არ იქნებიან ადამიანები, ამან შეიძლება იფეთქოს ერთ დღეს და ალბათ, მათაც უნდა გააცნობიერონ, რომ ზედმეტი აკრძალვები შემდეგ სხვა რაღაცებს იწვევს.

- 12-პუნქტიან გეგმაში ასევე, არის დეოლიგარქიზაციის საკითხი. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უარყოფენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და აცხადებენ, რომ კანონმდებლობა პერსონიფიცირებული ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან მიმართებაში. მინდა თქვენ გკითხოთ, ვინ არის ოლიგარქი საქართველოში და როგორ წარმოგიდგენიათ დეოლიგარქიზაციის პროცესი ?

- კანონი, რომელიც შეიძლება იყოს რელევანტური ერთი ქვეყნისთვის, ერთი ერთში რელევანტური ვერ იქნება სხვა ქვეყნისთვის. სხვადასხვა კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის დროსაც კი ხდება იმ ქვეყანაში არსებული რეალობის გაანალიზება და ამის შემდეგ ხდება კონკრეტული ნორმების გადმოტანა. ნორმალურ საკანონმდებლო პროცესში ასე უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ რაც პირდაპირ ამართლებს უკრაინაში, შეიძლება გაამართლოს საქართველოში, ისე რომ საქართველოს კონტექსტი მხედველობაში არ იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის.

მე, რა თქმა უნდა, აქ ვერ ვიქნები ისეთი კომპეტენტური, როგორც წინა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ის, რომ დღეს საქართველოში არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ინსტიტუტში ოლიგარქიული მმართველობის ხელი იგრძნობა, ამ კითხვის ნიშნებს ეს კანონი ნამდვილად ვერ პასუხობს. მგონია, რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენ ევროკავშირმა გვითხრა, ისევე როგორც სხვა პუნქტებთან მიმართებით.

ძალიან ხშირად გვესმის, რომ ეს პროცესები არის ინკლუზიური. ჯერ ერთი ამას ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ ზოგიერთ ჯგუფში მუშაობა დახურულ კარს მიღმა მიდის. თუ გინდათ ავიღოთ პერსონალური მონაცემების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეფორმა - რატომ არ შეიძლებოდა, ამ რეფორმის ჯგუფში ვყოფილიყავი მე, რომელმაც ბევრი რამ ვიცოდი, როგორ ხდებოდა ამ სამსახურის მუშაობა. როგორც ვიცი, აქ ბევრი არასამთავრობოც მიწვეული არ არის.

მეორეც, თუ არავის აზრს არ ითვალისწინებ, ინკლუზიის აზრი მაშინ რა არის? ვიღაცის კომპეტენტური აზრით ზრდილობისთვის ერთი ქვეპუნქტი ხომ მაინც უნდა ჩაასწორო? მოიწვიო 1000 კაცი და არავის აზრი არ გაინტერესებდეს და ზრდილობის გამო ეს ადამიანები ამ შეხვედრებს დაასწრო, ეს ჩემთვის ინკლუზიურობას არ ნიშნავს და ალბათ, არც ერთი ობიექტური ადამიანისთვის. ამ პროცესს ინკლუზიურობა აკლია. არავის ჯანსაღი აზრის გათვალისწინება არ ხდება და ის ვერსიები, რაც პირველად იწერება, რეალურად თითქმის ამავე ფორმით იქცევა ხოლმე კანონად და ინკლუზიის ადგილი არ რჩება.

- შეჯამების სახით გკითხავთ, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ, ზოგადად როგორ მიმდინარეობს საქართველოში რეკომენდაციების შესრულების პროცესი?

- ალბათ, არ არსებობს ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც პროგრესი უნდა და რომელიც არ თვლის, რომ პროგრესის ერთადერთი გზა არის ევროკავშირისკენ მიმავალი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უდგას საქართველოს თავის ისტორიაში იმიტომ, რომ რაღაც ისეთი ფანჯარა გაიხსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება არ გაიხსნას კიდევ ბევრი წელი. რაღაც ბეწვის ხიდზე გავდივართ, სადაც ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გაკეთებულ განცხადებებსაც ყველას მხრიდან, როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის. ყველას მიერ გაკეთებულ საქმეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, მე ამ სიფრთხილეს ვერსად ვერ ვხედავ, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. ფრთხილად, ბეწვის ხიდზე სიარული როგორ შეიძლება ამ პროცესში სარგებლის მისაღებად, მე ვერც ერთ მხარეს ვერ ვხედავ. ეს გამოცდა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას უდგას, ყველას ჩასაბარებელია, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ჩასაბარებელი, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ამაში.

- და ბოლოს, მინდა გკითხოთ, სად წავიდა ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსი ? სად გააგრძელეთ საქმიანობა? შეიძლება, რომ საჯარო სამსახურში მომავალშიც გიხილოთ ?

- ლონდა თოლორაიამ გადაინაცვლა კერძო სექტორში. დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელიც სულ მალე აქტიურად დაიწყებს პოზიციონირებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ორი მიმართულებით - მონიტორინგის მიმართულებით, რომლის ძირითადი ფოკუსი იქნება სამართალდამცავი ორგანოები და მეორე ფოკუსი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვა, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, სხვაგან. თუ ამის მზაობა იქნება სახელმწიფო უწყებებიდან, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მათთან ერთად სხვადასხვა საკითხზე მუშაობის, რომელზეც მე გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საჯარო სამსახურიდან წამოსვლის ფორმა იყო ისეთი როგორიც იყო, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ამის გამო რაღაცებზე უარს იტყვის. მიუხედავად ამ ფორმისა, ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და რაღაც ახალი საქმე უნდა დაიწყოს. მათ შორის არ გამოვრიცხავ სხვადასხვა საკითხზე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მუშაობას. ოდესმე მიხილავთ თუ არა საჯარო სამსახურში, არ ვიცი, ამაზე საუბარი დღეს ნაადრევია. ახლო მომავალში ამას რა თქმა უნდა, არ განვიხილავ.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს