გია ხუხაშვილი - 1%-იანი პარტია რომ დაუწყებს 20%-იან პარტიას საქმის გარჩევას იმაზე, რომ მოდი და გავერთიანდეთ, ეს ხომ ძალიან კომიკურად გამოიყურება? - თავისი „შაურიანის“ „მანეთად“ გაყიდვა უნდათ

ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ რაღაც კონფიგურაციას მოიფიქრებენ თავის ელიტურ კლუბში და ესაა გამარჯვების ფორმულა. 3 პარტია რომ ერთიანდება, რომელთა ჯამური რეიტინგი მაქსიმუმ 5%-ია, ეს ხომ არ ტოვებს იმის განცდას, რომ მათ შეუძლიათ პოლიტიკური ამინდის შეცვლა? - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოპოზიციური გაერთიანება შეაფასა.

ხუხაშვილმა ასევე იმის შესახებ ისაუბრა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე თანხმობა არ განაცხადა და აღნიშნა, რომ „სწორედ ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური მიდგომა“.

„აბა 1%-იანი პარტია რომ დაუწყებს 20%-იან პარტიას საქმის გარჩევას იმაზე, რომ მოდი და გავერთიანდეთ, ეს ხომ ძალიან კომიკურად გამოიყურება? ამაში დიდი პოლიტიკური ლოგიკა არ არის. თავისი „შაურიანის“ „მანეთად“ გაყიდვა უნდათ.

ბიძინამ ამ წლების განმავლობაში მოახერხა, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია. ბიძინას პროპაგანდას არ უმუშავია იმის მტკიცებაზე, რომ თვითონ არის კარგი. ის მუშაობდა ასე: „კი, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვიყო, მაგრამ ესენი ჩემზე უარესი არიან. „ქართულმა ოცნებამ“ ამის შედეგი მიიღო კიდეც - დღეს ყველა კვლევა აჩვენებს ამას, როდესაც აქტიური ამომრჩევლის 60%-დან 65%-მდე არ აფიქსირებს თავის არჩევანს და ვერ პოულობს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში პარტიას, რომელსაც მხარს დაუჭერს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინამ თავისი ამოცანა შეასრულა. დღეს მთელი პოლიტიკური კლასი არის დისკრედიტირებული.

ბიძინას ტექნოლოგია იმაზე არის ორიენტირებული, რომ ადამიანებს და საშუალო სტატისტიკურ ქართველს მოუკლა უკეთესი მომავლის რწმენა. მას უთხრა, ნუ გექნება უკეთესის იმედიო - გაჩერდი, თორემ უარესი დაბრუნება, რაც წარსულში იყო. დღევანდელი პოლიტიკური პროცესის მატრიცა ისე შეიქმნა, რომ ამომრჩეველი დატოვა წარსულისა და აწმყოს - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანის პირისპირ. ახალი, სუფთა ფურცლიდან არაკომპრომენტირებულ არჩევანს პოზიტიური დღის წესრიგით ფაქტობრივად აღარავინ სთავაზობს ხალხს.

ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ თვითონ რომ რაღაც კონფიგურაციას მოიფიქრებენ თავის ელიტურ კლუბში - „მოდი ახლა შევერთდეთ“ და ეს არის გამარჯვების ფორმულა. 3 პარტია რომ ერთიანდება, რომელთა ჯამური რეიტინგი მაქსიმუმ არის 5%, ეს ხომ არ ტოვებს იმის განცდას, რომ მათ შეუძლიათ პოლიტიკური ამინდის შეცვლა? ამ გაერთიანებაში სინერგიაც არ ჩანს. შუას გაკრეფა არ არის გამოსავალი. ამ პატარა პოლიტიკური პარტიების მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე წამგებიანია, ჯამურად ეს იძლევა კიდევ უფრო ნაკლებ შედეგს, ვიდრე ისინი ცალ-ცალკე რომ წავიდნენ არჩევნებზე. ზოგიერთი პარტიის გარკვეულ ელექტორატს, დავუშვათ „ლელოს“ ამომრჩევლის ნაწილს ეჯავრება „ნაციონალური მოძრაობა“ - ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს არ უყვარს „ლელო“. შესაბამისად, მათი გაერთიანება ჯამში იქნება ნაკლები, ვიდრე ცალ-ცალკე რომ წავიდნენ არჩევნებზე. არსებული პოლიტიკური ელიტისგან ყველაზე სწორი იქნება საარჩევნოდ საკუთარი ძალის მოსინჯვა და არა წინასაარჩევნო კოალიციებზე ზრუნვა, არამედ პოსტ-საარჩევნო კოალიციის ფორმირება იმ წილობრივი მონაწილეობით, რა მხარდაჭერაც ექნებათ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა