ირაკლი კობახიძე - ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-ისთვის კვლევით სამუშაოებს

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-ისთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას ენდობა თუ არა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, IPM, რომელმაც კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა, პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„უკვე წლებია არსებობს ეს კავშირი [ნაციონალურ მოძრაობასთან] და სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ხოლმე ჩვენი ეჭვები, მათ შორის პერსონალურ რეიტინგებში, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგსა და ა.შ. აქ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ არის გარკვეული მანიპულაციის ინტერესი“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რეალურად, IPM არასდროს არ აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. მისივე თქმით, სინამდვილეში, ძალიან მარტივად შეიძლება ამ მონაცემების ალოკაციის გაკეთება, მაგრამ, ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, რასაც „ძალიან აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია“.

„ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია 100 პროცენტზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს 40% ამომრჩევლის არის გადაუწყვეტელი, რაც მთლიანად შეიძლება ოპოზიციისკენ მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმითვე, რეალურად, ყოველ ჯერზე IPM დებდა მსგავს მონაცემებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არჩევნებზე იდებოდა კონკრეტული შედეგები, რაც ადასტურებს იმას, რომ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას“.

„სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით, "ქართული ოცნება" ყოველთვის ახერხებდა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყოველ ჯერზე, არჩევნების წინ, იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა, ყოველ ჯერზე სწორედ ისინი და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებულები იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, - დასძინა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა