საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ფაკულტეტების დეკანები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) დეკანი პროფესორი ჰალილ გიუვენი, იტალიის ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო კლარიონი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა უნივერსიტეტის მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უსურვა.

„10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ UNESCO-მ 2001 წელს გამოაცხადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ჩვენს კოლეგებს, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს დღევანდელ დღეს ვულოცავ. განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკვლევრებს მივმართავ და წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ ურთულეს გზაზე! მეცნიერებმა მრავალი სირთულე გადავიტანეთ, იყო უმძიმესი წლებიც. საბედნიეროდ, დღეს, საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მისი აღნიშვნა უმთავრეს მიზანს ემსახურება: შეგვახსენოს, რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და როგორ უწყობს ის ხელს კაცობრიობის მუდმივ განვითარებას; რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მისი ჩართვა სამეცნიერო დისკუსიებში. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში. რომ არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერა, ბევრი ჩვენი მეცნიერი თუ ახალგაზრდა მკვლევარი თავის მიღწევებს ასე სწრაფად და ეფექტიანად ვერ გააცნობდა ვერც ჩვენი ქვეყნის და ვერც მსოფლიო საზოგადოებას. წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო! ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ საქმეში, რასაც მეცნიერების მსახურება ჰქვია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის თქვენ გვერდში დგას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ზაზა მარუაშვილმა. მან უნივერსიტეტის მეცნიერებს მინისტრ მიხეილ ჩხენკელისა და მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის სახელით, პროფესიული დღე მიულოცა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალსახად და საჯაროდ აფიქსირებს უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერთა მხარდაჭერას, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ. 10 ნოემბერი ასე თბილად და ღირსეულად რომ აღინიშნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის დასტური იმისა, თუ როგორ ზრუნავს უნივერსიტეტის რექტორატი თავის მეცნიერებზე. მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ერთ-ერთი გამორჩეული მოთხოვნა მეცნიერებას ეხება - ჩნდება მეტი შესაძლებლობა, რომ გაცილებით მეტი მკვლევარი, მათ შორის ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევებში, მეტ თანამშრომელს გაუჩნდეს მოტივაცია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 15 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია ინტეგრირებული. წლების განმავლობაში მქონდა პატივი, ამ ინსტიტუტების საქმიანობას გავცნობოდი. აქ მომუშავე ადამიანები მეცნიერების დარგების დიდი პატრიოტები არიან. მადლობას გიხდით და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - განაცხადა ზაზა მარუაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს პროფესიული დღე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანმა, პროფესორმა ჰალილ გიუვენმა მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს ღონისძიებაზე მიწვევისათვის და იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც სტუ-ის და სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

„კაცობრიობამ განვითარების გარკვეულ ლიმიტს მიაღწია. დღეს უკვე არავინ დავობს, რომ მომავალი მეცნიერების ხელშია, რომ ქვეყნიერებას სწორედ მეცნიერება გადაარჩენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს გულითადად ვულოცავ დღევანდელ დღეს და მინდა აქვე სიხარულით აღვნიშნო, რომ თქვენი რიგები მეტად საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობით ივსება. კიდევ ერთხელ გიცხადებთ მხარდაჭერას და გილოცავთ!“, - აღნიშნა ჰალილ გიუვენმა.

ტექნიკური უნივერისტეტის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, მეცნიერების დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის, „სტუ-ის ოქროს მედლით“ დააჯილდოვა ცნობილი მეცნიერები: სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი; სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომი გადასცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორ ნინო ნიშნიანიძეს, სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორს, პროფესორ ნელი მახვილაძეს და სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით თავხელიძეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს