შალვა პაპუაშვილი - იაპონია და კორეის რესპუბლიკა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ საქართველოს მიმართ

იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში ვიზიტი დროულიც იყო და გარკვეული იმპულსის მიმცემიც, რადგან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, იაპონია და კორეის რესპუბლიკა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იაპონიის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ განახლებადი ენერგეტიკის კუთხით ინვესტიციების ჩადების ინტერესზე, კორეის მხრიდან კი, როგორც ინვესტიციების, ასევე ლოჯისტიკის მხრივ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ვიზიტის დროს გამოიკვეთა და გარკვეული შეთანხმებებიც გვაქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.

„პირველი - ეს არის ჩვენი ერთიანი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიული ომის დაგმობა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განჭვრეტადი იყოს სტაბილურობა ყველა ქვეყანაში. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, რომლის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია იმაზე, რომ საერთაშორისო აქტორები პატივს სცემენ საერთაშორისო წესრიგს.

მეორეა - საქართველოს როლის გაძლიერება, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი სეგმენტის. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალი, გზა, რომელიც გადის საქართველოზე, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს. წელს 30 პროცენტით გაიზარდა ამ დერეფანში გადაზიდვა, ამიტომ, ეს განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ქვეყნებისთვის. საქართველო, რომელიც არის ყველაზე სწრაფი და ამავე დროს სტაბილური შუა დერეფნის ნაწილი, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, დღეს განსაკუთრებულ როლს იძენს.

მესამეა - იაპონიისა და კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერა გაძლიერდეს და ამ მხრივ ყველანაირი ურთიერთგაგება გვაქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრებზე, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, სხვადასხვა კონკრეტული მიმართულება განიხილეს და სამომავლო საერთო გეგმებზე შეთანხმდნენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ასევე განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.

„კორეის რესპუბლიკაში საუბარი იყო იმაზე, რომ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და კორეას შორის, რაზეც მთავრობებს შორის მიდის მოლაპარაკებები ისევე, როგორც ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მხრივ არის პროგრესი და იმედია, ამ მხრივ წინსვლა მალე იქნება. გარდა ამისა, ყველა პარტნიორთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკამ საელჩო სრული მასშტაბით საქართველოში გახსნას, რადგან ეს ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ყველაფერთან ერთად მთავარი საკითხი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობა. როგორც კორეის, ასევე იაპონიის პარლამენტთან ამ შეხვედრებით კიდევ უფრო დავაახლოვეთ და პიროვნული ურთიერთობის კუთხითაც სხვა ეტაპზე გადავედით. მეგობრობის ჯგუფები გააგრძელებენ ამ ურთიერთობას და კომიტეტების დონეზეც გვსურს, რომ გვქონდეს უფრო აქტიური თანამშრომლობა. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში გვეწვევა. ვიზიტების გაცვლა უფრო ინტენსიური ხდება და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციამ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა