იურიდიული დახმარების სამსახურმა პანელური დისკუსიების სერია დაიწყო

იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ-ს მხარდაჭერით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მიზანი იყო, როგორც სამედიცინო სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, იურისტებსა და მედიკოსებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ასევე მოსახლეობის, მათ შორის, სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

მათივე ცნობით, დისკუსია იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა გახსნა და ისაუბრა, პანელური დისკუსიების ჩატარების მიზანზე, სამედიცინო სამართლის მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ დისკუსიებზე.

„პაციენტის ინფორმირებულ თანხმობაზე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამარ ჩიხლაძემ. დისკუსიაზე სპიკერად მოწვეული იყო ამერიკული ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგოხია, რომელმაც მედიკოსების გადასახედიდან ისაუბრა სამედიცინო შეცდომების არსსა და შედეგებზე. განხილული იქნა მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა, რომელზეც პროფესორმა ნუნუ კვანტალიანმა ისაუბრა, ხოლო კომპანია Metric - ის პარტნიორმა და ადვოკატმა, თეა ხამხაძემ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, რომელიც სამედიცინო დავებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს.

გარდა ამისა, კონფერენციაზე განიხილეს სამედიცინო ექსპერტიზა და სამედიცინო მომსახურების მიღებაზე პაციენტის მიერ გაცემული უარის შემთხვევები. პაციენტის უფლებებზე ისაუბრა პროფესორმა ანა მიქიაშვილმა. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სამედიცინო სამართლის სპეციფიკის, მისი კომპლექსური ხასიათისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეს დარგი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და დასრულებული სახე არ მიუღია, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის ყველაზე სწორი გზების მოძიების პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო და იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა კოორდინირებულ მუშაობას, რაც პანელური დისკუსიის მთავარი ამოცანა იყო.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და დარბაზში მყოფი სხვა პირები, რომლებმაც დასვეს მნიშვნელოვანი კითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია მსგავსი სახის შეხვედრების გამართვა სამედიცინო სამართლის განვითარებისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო