პაატა ზაქარეიშვილი - რა დროს მსოფლიო რადარებია, საქართველოს რადარებზეც კი არ ვართ - სასწრაფოდ, ახლა მაინც საჭიროა მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ სადაც უკრაინაზე იტყვიან, ახსენონ საქართველოც

ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება, მართლაც ფანტასტიკური, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონზე კონტროლის დაბრუნებას.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსები უკვე ხვდებიან, რომ მარცხდებიან.

„ეს არის ფანტასტიკური გამარჯვება. პირველ რიგში რუსეთს ჩაუვარდა კიევის და ხარკოვის აღების პროგრამა, შემდეგ მოუწია უკან დახევა აღმოსავლეთის ფრონტიდან და მესამე ესაა, როდესაც რუსეთმა პრაქტიკულად სტრატეგიულად გადაიფიქრა ოდესის მიმართულებით შეტევა. შავი ზღვის ჩაკეტვა აღარ შეუძლია, მან დაიხია უკან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონიდან გამოვიდა და ეს იმას ნიშნავს, რომ კლიტე ოდესისა უკვე უკრაინის ხელშია. ვეღარ გავა რუსეთი ოდესაზე, ვერ ჩაკეტავს შავს ზღვას და ვერ გავა მოლდოვაზე, ვერ გადავა დნესტრისპირეთზე, ეს არის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება, მართლაც ფანტასტიკური, მაგრამ უფრო მეტია სიმბოლური გამარჯვება, მორალური გამარჯვება. უკრაინელმა ხალხმა კიდევ დაიჯერა, რომ ისინი გაიმარჯვებენ, წელში გამართულები არიან და ენდობიან თავიანთ ლეგიტიმურ მმართველ ზელენსკის. ეს არის სტრატეგიული და მორალური დამარცხება რუსეთის, რუსები ხვდებიან, რომ მარცხდებიან და მარცხდებიან. არ ვლაპარაკობ ელიტაზე და პუტინზე, ვლაპარაკობ რუს ხალხზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინმა "დიდი ოცეულის" სამიტზე წასვლა ან ონლაინ ჩართვა ვერ გაბედა, რადგან მას არ უნდოდა "ოცეულის" წინაშე წარდგენილიყო როგორც დამარცხებული.

„ცალსახად ვერ გაბედა. ონლაინ ჩართვაზე რომ უარი თქვა, აქ უფრო ჩანს, იტყოდა რაღაც-რაღაცებს, მაგრამ ონლაინმა დაადასტურა, რომ მას არ უნდა წაგებული ლიდერის სახელით ილაპარაკოს, ხერსონის დატოვება ძალიან კარგად დაემთხვა "ოცეულის" სამიტს, პუტინს არაფერი სათქმელი არ ექნებოდა, მთელი მსოფლიო დასცინებდა. რაღაც ვითომ წარმატებულზე უნდა ელაპარაკა და ამ დროს ზურგზე უკვე მოკიდებული აქვს ხერსონში კატასტროფული მარცხი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ასევე, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველო უკრაინის მიერ მოპოვებულ ამ გამარჯვებას სათანადოდ უნდა შეხვედროდა, თუმცა „ოცნება“ „არაფრის კეთების პოლიტიკას“ ატარებს.

„ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საქართველოს დედაქალაქში ყოფილიყო უკრაინის დროშების ფრიალი დღეს. ზურაბიშვილმა მეტ-ნაკლებად სწორი განცხადებები გააკეთა, ერთადერთი, ვინც ადეკვატურად მოიქცა, არის ზურაბიშვილი, მაგრამ უნდა ყოფილიყო სულ ცოტა ფოიერვერკები მაინც თბილისში, ანძის განათებაც კი შეიძლებოდა უკრაინის დროშის ფერებში.

ასე რომ არ მოხდა, ეს მოსალოდნელი იყო, რაც მე მოვყევი, რაც უნდა გაეკეთებინა, ეს არის ფანტასტიკის სფერო, „ქართული ოცნება“ ამის გამკეთებელი არაა. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ არ გამოჩნდეს მათი აქტიურობა არანაირი და სრულიად არ ისმოდეს მათი ხმა. მკაფიოდ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის ვითომ პრორუსული პოლიტიკა, მაგრამ პრორუსულ პოლიტიკაზე მაინც ეს არის არაფრის კეთების პოლიტიკა, რომ რა იცი, რაში გამოგადგება ეს დუმილი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მთავარი სტრატეგიული შეცდომაა არა ის, რომ ხერსონის დაბრუნება არ აღვნიშნეთ ახლა, არამედ ის, რომ არ ვამბობთ, საქართველო ისეთივე დაზიანებულია, როგორც უკრაინა და ჩვენ და უკრაინა ერთნი ვართ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოუწოდოს მსოფლიოს, რომ სადაც უკრაინას ახსენებენ, იქ ახსენონ საქართველოც, რათა საქართველო მსოფლიო დღის წესრიგში ჩაჯდეს.

„ჩატარდა ასეთი კონფერენცია - „ყირიმის პლატფორმა“, გამოვიდა იქ ღარიბაშვილი, გამოვიდა ზელენსკიც, ზელენსკიმ ახსენა აფხაზეთი, ღარიბაშვილს არ უხსენებია, მან ილაპარაკა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომზე. ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი ომიცაა. ამას არ ჰქვია საქართველო-რუსეთის და უკრაინა-რუსეთის ომი, ამას ჰქვია რუსეთის იმპერიალისტური ომი, ერთი ომია.

მერე გამოვიდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, არძინბა და ზელენსკიზე თქვა, ისტორია არ იცისო, ღარიბაშვილი არ გახსენებია, რადგან არაფერი არ თქვა ღარიბაშვილმა ისეთი, რაც შეიძლება არ მოსწონებოდა არძინბას. ზელენსკი ასეთ გამწარებულ, გააფთრებულ ომში ჩართულია და საქართველოზე ლაპარაკობს, ჩვენი ხელისუფლება არ ლაპარაკობს საქართველოზე, ესაა ყველაზე სერიოზული გამოწვევა. უკვე აშკარად ჩანს, მკაფიოა, მარტო ბრმას და ყრუს არ შეუძლია დაინახოს რა ხდება აქ და ამ ფონზე „ოცნება“ ვერ ხედავს, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს და ამ ფონზე მსოფლიოს დავავიწყდით. ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა და არცერთ სახელმწიფოს არ უხსენებია უკრაინასთან ერთად საქართველო, ჩვენ უკვე დავავიწყდით მათ. ვამბობთ ხოლმე, რომ მსოფლიოს რადარებზე არა ვართო, საქართველოს რადარებზეც არა ვართ, რა დროს მსოფლიოს რადარებია. მე იმის მეშინია, რომ მეტ-ნაკლებად მოგვარება დაიწყება რუსულ-უკრაინული პრობლემებისა და საქართველო არავის არ გაახსენდება, რატომ? ჩვენ არ ვახსენებთ მსოფლიოს ჩვენს თავს.

სასწრაფოდ, ახლა მაინც საჭიროა, რომ მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ სადაც იტყვით უკრაინას, თქვით საქართველოც აუცილებლად, საქართველო უნდა ჩაჯდეს მსოფლიო დღის წესრიგში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველომ დღეს უნდა ილაპარაკოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ რუსეთს შესასრულებელი აქვს ექვსპუნქტიანი გეგმა.

„უნდა ვილაპარაკოთ ყველა პლატფორმაზე, რომ რუსეთს შესასრულებელი აქვს ექვსპუნქტიანი გეგმა იმიტომ, რომ ეს გეგმა მუშაობს, ჟენევაში რომ შეხვედრებია, ამ გეგმის შესაბამისია. ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება საქართველოში, ამ გეგმის ნაწილია. მხოლოდ ერთ პუნქტს არ ასრულებს რუსეთი, ჯარები არ გაჰყავს, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რათა აფხაზებს და ოსებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ ჩვენ გვინდა ომი და „ქართული ოცნების" ამ უდღეურებმა არ თქვან, რომ არიქა და ომი გინდათ, ვუთხრათ, რომ ჩვენთან დგას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე. მეცამეტე პუნქტი უნდა იყოს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავაძლიეროთ, გავხადოთ ის სამშვიდობო ძალებად. ვილაპარაკოთ ევროკავშირის მეტ ჩართულობაზე.

ახლა მშვენიერი საშუალებაა, რომ მესამე პუნქტად ვთქვათ, ჩვენ მოვითხოვთ რუსების გაყვანას და სამაგიეროდ ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებები ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესიც შეაფასა.

ზაქარეიშვილის თქმით, რეკომენდაციები ძალიან სუსტად სრულდება, თუმცა „ოცნების“ მიზანია, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, ოპოზიციას ან ევროკავშირს დაბრალდეს.

„მე მგონი, რეკომენდაციები ძალიან სუსტად სრულდება და მე მგონი, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, რომ არ შესრულდეს ეს რეკომენდაციები. „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ამოცანა, ერთი ის, რომ არ შესრულდეს რეკომენდაციები და მეორე, დაბრალდეს სხვას. როგორც დეტექტივებშია, მკვლელი რომ გეგმავს მკვლელობას ისე, რომ თვითონ მოკლას და სხვას დაბრალდეს. ყველაფერს აკეთებს, რათა დაბრალდეს ოპოზიციას და ევროკავშირს, ოღონდ თვითონ არა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, „ოცნების“ მიზანი არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რამედ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაა.

„ევროკომისიის დასკვნაში ჩანაწერები მაინც მძიმე იქნება, მთელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო იმ სამუშაო ჯგუფებში შეიძლება მაინც მძიმე ჩანაწერები გვქონოდა, ჩანაწერი მძიმე იქნება, უბრალოდ ახლა ამას დააბრალებს ოპოზიციას. „ქართულ ოცნებას“ სულ არ ადარდებს ევროკავშირი, ისინი არ მიდიან ევროკავშირში, ისინი 2024 წლისთვის ემზადებიან არჩევნებისათვის. მათ სჭირდებათ არა ევროკავშირში გამარჯვება, არამედ არჩევნებში გამარჯვება. ეს იქნება მისი პლუსები, ქულებს ჩაიწერს არჩევნების წინ, სულ არ იყურება ბრიუსელისაკენ, ის იყურება ზუგდიდისკენ, თელავისკენ, ბათუმისკენ... ის უყურებს იმას, როგორ დააჯეროს საქართველოში მცხოვრებ პოტენციურ ამომრჩეველს, რომ ის, რომ ჩვენ არ მოგვცა ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი, ეს ჩემი ბრალი კი არა, ამათი ბრალია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა