სკოლებში სპორტის გაკვეთილების გააქტიურება და კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული პირების წახალისება - რას გულისხმობს ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგია

2023 წლიდან საქართველოში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება, რომელიც არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეხება. სტრატეგიაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს. რას ითვალისწინებს ფიზიკური აქტივობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია და რა გეგმა აქვს მთავრობას მის განსახორციელებლად, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე ესაუბრა.

- 2023 წლიდან საქართველოში ფიზიკური აქტივობის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება. მთავრობა მუშაობს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე, რომელიც ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაიწერა. რას ითვალისწინებს ეს სტრატეგია და რატომ გახდა ფიზიკური აქტივობის მიმართულებით მუშაობის დაწყება აუცილებელი?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად წამოიწყო ეს სამუშაო ჯერ კიდევ 2 წლის უკან, პანდემიის პერიოდში, რადგან მაშინ გამოიკვეთა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად ჯანმრთელ მოსახლეობას და არაგადამდები დაავადებების პრევენციას. საქართველოში არაგადამდები დაავადებებით ავადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია - მოსახლეობის დაავადებების ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. ამ დაავადებების დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია და მას 5 ძირითადი რისკ-ფაქტორი იწვევს - თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება - მარილისა და შაქრის მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება და დაბინძურებული ჰაერი. ამის გამო ქვეყანას საკმაოდ დიდი ეკონომიკური ხარჯი აქვს, მხოლოდ 4 არაგადამდები დაავადების - გულ-სისხლძარღვთა, კიბოს, დიაბეტის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ ქვეყანა 3 მილიარდ ლარს ხარჯავს. თუკი ჩავდებთ ინვესტიციას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ფიზიკურ აქტივობაში და ა.შ. ეს ქვეყანას ძალიან იაფი დაუჯდება იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც საქართველო იღებს დამდგარი შედეგების მკურნალობასა და დანაკარგებში. ფიზიკური აქტივობის სტრატეგია ძალიან რთული სტრატეგიაა სხვა სტრატეგიებთან შედარებით. აქ ძალიან დიდი დოზით წარმატების მიღწევა ამ ქცევის შეცვლაში სხვადასხვა სექტორთანაა დაკავშირებული, იმასთან, თუ როგორი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩების მოწყობა, ტურისტული განვითარება, სპორტული კომპლექსები, ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები და ა.შ. ეს ძალიან ბევრ სექტორთან დიდი დოზით არის დაკავშირებული.

- თუ არის შეფასებული ფიზიკური აქტივობის დონე ქვეყანაში და სად ვართ ახლა?

- დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი არის ფიზიკურად უმოძრაო. ხოლო ჩვენი მოსახლეობის 90% არ ასრულებს მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ყველაზე სასარგებლო ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ეს არის საწყისი წერტილი, რომელიც ევროპაში დაახლოებით, შუალედური მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ეცემა, რისკები დიდია. იმის თქმა, რომ საშუალო მაჩვენებლები გვაქვს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ კარგი სტარტია ის, რომ დავიწყოთ ამ პროცესებზე და ფაქტორებზე ზემოქმედება. დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ სკოლებში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი ჩატარდეს რეგულარულად და დასწრების მაჩვენებელი მაღალი იყოს. ამასთან, სკოლებამდე გადაადგილება რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა და მშობელმა შეძლოს აქტიურად, ასევე, ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ნომერ პირველი გადაადგილების საშუალება დიდ ქალაქებში, ის, რომ განვითარდეს სივრცეები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის, მიკროტრანსპორტისთვის და ეს იყოს წახალისებული და მიმზიდველი. უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ შევამციროთ კერძო ტრანსპორტის მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კომპლექსები, სტადიონები შენდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პროფესიული სპორტის საჭიროებები ამ კომპლექსების მშენებლობისას, არამედ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის საჭიროებები. დადგენილია, რომ სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი არ აღემატება ჩვენი მოსახლეობის 10%-ს. მოსახლეობის 90% ამ სერვისით არანაირად არ სარგებლობს, რადგან იქ არ არის განვითარებული ისეთი პროგრამები, რომელშიც მოსახლეობა ჩაერთვებოდა.

- გარკვეულწილად, ალბათ არის ხელმისაწვდომობის პრობლემა და ფინანსური საკითხიც...

- ფიზიკური აქტივობისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ყველამ ფიტნესკლუბში იაროს და ფული გადაიხადოს. ქუჩაში სირბილით, მწვანე სივრცეებში გადაადგილებით, სახლში ვარჯიშით ამ შედეგს მაინც მიიღებ. ხოლო მათთვის, ვინც ფიტნესკლუბებში დადის, გეთანხმებით, რომ ფასები დაბალი ნამდვილად არ არის. ეს სექტორი კიდევ საჭიროებს განვითარებას და ხელშეწყობას გადასახადების ტვირთის შემსუბუქების მიზნით და სხვა შესაძლო ინტერვენციებით, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის.

- აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობაა საჭირო სტრატეგიის განსახორციელებლად, მათ შორის, სკოლებისთვის, დამსაქმებლებისთვის და ა.შ. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა რეკომენდაციები გაქვთ დამსაქმებლებისთვის და რა შეთავაზებები უნდა გააკეთონ მათ საკუთარ თანამშრომლებთან?

- ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ისიც, რომ ორგანიზაციებმა, სამსახურებმა თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზონ და წაახალისონ, რომ ავტომობილის ნაცვლად სამსახურში აქტიური საშუალებებით მივიდნენ. ასეთი პროგრამები უცხოეთში ძალიან პოპულარულია. მაგალითად, გადაადგილდნენ ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და არ გადატვირთონ ქალაქი. ამ სტრატეგიაში განსაზღვრულია, რომ ეს არის მიმართულება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამისთვის, ალბათ, შესაბამის დამსაქმებლებთანაც მოხდება შეხვედრები და შეთავაზება სხვადასხვა მოდელების.

- სკოლებში ფიზკულტურის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აღნიშნეთ, რომ ბავშვები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ეს ფორმალური ხასიათის არ უნდა იყოს. თუ არის შეფასებული სკოლებში არსებული მდგომარეობა ფიზკულტურის ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რისი გაკეთება გვჭირდება? შეიძლება ითქვას, რომ ახლა ეს გაკვეთილები ფორმალური ხასიათისაა? ასევე, თუ ჰყავს ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები?

- ეს პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური აღზრდის 11 ათასი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას. ფიზკულტურის მასწავლებლად დღეს აღნიშნული რაოდენობის პირი მუშაობს კიდეც, მაგრამ მათგან მხოლოდ 3500-ია ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი. 7 ათასზე მეტ შემთხვევაში ამას ითავსებენ სხვა პროფესიის მასწავლებლები, რომლებსაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. პრობლემაა ის, რომ ქვეყანა არ უშვებს ამ კადრებს. ფიზკულტურის გაკვეთილი სკოლებში დაჩაგრულია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურაში და აღჭურვილობაში. როდესაც ჩვენ შვილებს სკოლაში ვუშვებთ, იქ ნომერ პირველი საზრუნავი არის მათი უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს არის უპირველესი საკითხი, თუმცა ეს საკითხები თითქოს გვავიწყდება და მეორე პლანზე გადაგვაქვს. უცხოეთში კარგი მაგალითებია, მათ შორის ის, რომ სკოლას არ მიიღებენ ექსპლუატაციაში, თუ მას არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა ფიზიკური აქტივობის გაკვეთილის ჩასატარებლად. ეს არის პირველი რიგის საკითხი და მისი იგნორირება არ შეიძლება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეულწილად ამ საკითხის მოგვარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სტრატეგიის პროექტის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიური ჩატარება სკოლებში სავალდებულო გახდება. სტრატეგიის პროექტში ასევე ჩადებულია, რომ განხორციელდება მონიტორინგი სკოლებში, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება ეს გაკვეთილი და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი. ვინ ჩაატარებს მონიტორინგს, ეს სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გამოიკვეთება. ალბათ, ტენდერი გამოცხადდება და ვინც მოიგებს, ის ჩაატარებს. გარე მონიტორინგი უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. ასევე ჯერჯერობთ არ ვიცით, ეს მონიტორინგი რა პერიოდულობით ჩატარდება.

- ითვალისწინებს თუ არა ეს სტრატეგია ფიზიკური აღზრდის სპეციალისტების გადამზადებას და ასევე, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს უნივერსიტეტებისთვის კადრების გამოშვების წახალისებისთვის?

- ამ სტრატეგიაში ჩადებულია, ერთი მხრივ, ის, რომ შემუშავდეს კურიკულუმები ამგვარი სპეციალისტების მოსამზადებლად და უნდა მოხდეს შეთავაზებები სხვადასხვა უნივერსიტეტებზე. ეს საკითხი მთლიანად არის დაფარული სტრატეგიის პირველი სამი წლის განმავლობაში. ქვეყანას უნდა ჰყავდეს სათანადო რაოდენობის კადრები და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

- აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ქალაქში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს, გვქონდეს რეკრეაციული სივრცეები. თუ არის შეფასებული არსებული მდგომარეობა და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს?

- თქვენ კარგად იცით, რომ დიდ ქალაქებში ძალიან სერიოზული პრობლემაა მწვანე სივრცეების ნაკლებობის თვალსაზრისით. ასეთი სივრცეების რაოდენობა მცირეა. ქუჩაში გამოსვლა არ მოგინდება, ისეთი სურათია შექმნილი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით, ქუჩები ვიწროა და არავითარი მწვანე სივრცე არ არის. ამ საკითხს სჭირდება დიდ ყურადღება იმისთვის, რომ ჩვენი უბნები გახდეს საცხოვრებელი. მიწის ყველა ნაგლეჯი უნდა იყოს გამოყენებული მწვანე სკვერის, პარკის, კუთხის მოსაწყობად.

- გარდა ამ საკითხებისა, კიდევ რის განვითარებას და მოწესრიგებას ითვალისწინებს აღნიშნული სტრატეგია?

- მნიშვნელოვანია ასევე, რომ ქვეყანამ იზრუნოს შიდა ტურიზმის განვითარებაზე. თან ისეთი ტურიზმის, რომელიც წაახალისებს ფიზიკურ აქტივობას. საქართველოს ბუნება დიდი ქალაქების ირგვლივ თუ ჩვენს სოფლებში საოცარია და იძლევა ამის განვითარების შესაძლებლობას, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით მარშრუტები, სად შეიძლება წავიდეთ ლაშქრობაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ასეთი მარშრუტების პასპორტიზაცია იქნებოდა ძალიან კარგი და ამაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ მხრივ, მთელი რიგი ღონისძიებებია ჩადებული აღნიშნულ სტრატეგიაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების სწორად გადანაწილება. კერძოდ, ახლა ფინანსური რესურსის ძალიან დიდი ნაწილი ხმარდება პროფესიულ სპორტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი სჭირდებოდეს, მაგრამ არ შეიძლება ისე, რომ რესურსები არ გამოიყენებოდეს ფიზიკური აქტივობისთვის. ფიზიკური აქტივობის სახელის ქვეშ ხორციელდება გარკვეული პროგრამები, მაგრამ სინამდვილეში ისინი ან პროფესიული სპორტისკენ არის მიმართული, ან არასისტემური ხასიათი აქვს. ამ სტრატეგიამ ღონისძიებებს სახელმძღვანელოს როლი უნდა გაუწიოს, რომ ეს ღონისძიებები მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე სწორად დაიგეგმოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია საკომუნიკაციო კამპანია. ქვეყანას დღემდე არ გააჩნია ფიზიკური აქტივობის სფეროში მწყობრი, ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო კამპანია. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცით, რას ეუბნება თავის მოსახლეობას სახელმწიფო, თუ რა არის ფიზიკური აქტივობა, როგორ უწყობს ის ხელს, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ფიზიკურად აქტიური და ა.შ. ამას სჭირდება მრავალწლიანი, დიდხნიანი საკომუნიკაციო კამპანია. ამასთან, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტს არ მინდა გამომრჩეს, რომ დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ექიმები არ აფასებენ პაციენტების ფიზიკური აქტივობის სტატუსს, არ იციან პირი ვარჯიშობს თუ არა და მეორე მხრივ, სისტემურად არ აძლევენ კომპეტენტურ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება ფიზიკური აქტივობა გააძლიერონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის, თუმცა, არა მხოლოდ მათთვის, ბავშვებისთვისაც და ყველა სხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

- რა პერიოდს მოიცავს სტრატეგია და რა არის მისი ბიუჯეტი?

- სტრატეგია არის 2030 წლამდე და მას თან ახლავს პირველი სამი წლის სამოქმედო გეგმა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში შედგა დიდი მულტისექტორული შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. სექტორები შეთანხმდნენ, რომ ეს არის სწორი გეგმა, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს. უახლოეს ხანში მოხდება სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის დაზუსტება. ამ ეტაპს როგორც კი გავივლით, საკითხი მთავრობაზე გავა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ ეტაპზე ეს ცნობილი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება კოლოსალური ბიუჯეტის მქონე სტრატეგია.

- რა ვადაში უნდა დამტკიცდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და როდიდან უნდა დაიწყოს ქვეყანამ მუშაობა ამ დოკუმენტების მიხედვით?

- დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მოხერხდება დოკუმენტისთვის საბოლოო სახის მიცემა და ჩაეშვება ოფიციალური განხილვებისთვის მთავრობაზე. შემდეგი წლის დასაწყისისთვის დოკუმენტმა უნდა იხილოს დღის სინათლე და იმავე წელს დაიწყოს მისი განხორციელება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ, სახელმწიფოს დასჭირდება დონორების მხრიდან მხარდაჭერა. მოვუწოდებდი დონორ ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ ამ სტრატეგიით და ხელი შეუწყონ ხელისუფლებას მის განხორციელებაში.

თამთა კაკაურიძე

ინტერპრესნიუსი“

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი