კრწანისის ტყეპარკში 300-მდე ხე-მცენარე დაირგო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა კრწანისის ტყეპარკში, ჭალის ტყის აღდგენის მიზნით გამართულ გამწვანების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აქციის ფარგლებში, საქართველოს წითელი ნუსხისა და მარადმწვანე სახეობის 300-მდე ხე-მცენარე დაირგო, მათ შორის, თელა, ფშატი, ელდარის ფიჭვი, საკმლის ხე, აკაკი, იოლღუნი და სხვა. ტყეპარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელობის ტყე გაშენდა. ტერიტორია შემოიღობა და სარწყავი სისტემები მოეწყო.

გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების ჩართულობით გაიმართა.

„ჩვენ დავიწყეთ კრწანისის ტყეპარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაშიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. კრწანისის ტყეპარკი არის რუსთავსა და თბილისს შორის ტერიტორია, რომელიც უნდა იქცეს ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცედ და, ამავდროულად, მას უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ფუნქცია. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ტერიტორიის ეკოსისტემა, ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, ის ვაქციოთ საუკეთესო დასვენების ადგილად. მთლიანობაში ეს ტერიტორია განვითარდება რუსთავისა და თბილისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ზონად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს კრწანისის ტყეპარკში ვიმყოფები და ასობით ადამიანთან ერთად ვმონაწილეობ ხეების დარგვის აქციაში. შვედეთის მხარე ნამდვილად მოხარულია და მხარს უჭერს კრწანისის ტყეპარკის განვითარებას. ხელმისაწვდომი მწვანე სივრცის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ისე თბილისის მაცხოვრებლებისთვის. ეს წამოწყება, საბოლოო ჯამში, ემსახურება საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა.

კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, კერძოდ, „კრწანისის ტყის დეგრადირებული ეკოსისტემის აღდგენა და სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევის და აღდგენის ცენტრის შექმნა" და „წითელ ნუსხაში შეტანილი და გადაშენების პირას მყოფი ხის სახეობების ex-situ კონსერვაცია", რის შედეგად კრწანისის ტყეპარკში უკვე - 7,5 კმ საგზაო მონაკვეთს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა; დასრულდა 150 ჰა-ს შეღობვის, ღობის პერიმეტრის გამწვანებისა და გარე განათების სამუშაოები; მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ასევე, სხვადასხვა სახეობის 5000-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარი დაიგო. გამწვანების მასშტაბური სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება.

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტის მიხედვით, კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული უნიკალური ეკოსისტემა.

აღნიშნული აქცია პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმით განსაზღვრული ეროვნული მიზნების, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები, SDG 13 – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და SDG 15 – სიცოცხლე დედამიწაზე) და NEAP3 -ის მიზნების განხორციელებას.

პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს