საქართველოს რელიგიურმა გაერთიანებებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს რელიგიურმა გაერთიანებებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 16 ნოემბერს, დამკვიდრდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რომელსაც, ყოველ წელს, ქვეყანაში მოქმედი რომელიმე კონფესია მასპინძლობს.

კერძოდ: 2016 წელს მასპინძელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია; 2017 წელს - ქართველ ებრაელთა კავშირი, 2018 წელს - ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს - საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს - საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს კი საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

ღონისძიების მიზანია, საქართველოში მცხოვრები კონფესიების მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება და ტოლერანტობის გაძლიერება.

დღეს, ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ევანგელურ ალიანსის მონაწილეობით.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების ლიდერები; ბრიტანელი რელიგიური მოღვაწე, დევიდ ჰეთევეი; მის უკრაინა 2007, ლიკა რომანი; NBA-ის 2004 წლის ჩემპიონი, უელსი ფლუელენი და სხვები.

საქართველოს ევანგელისტური ალიანსის წარმომადგენლის, ვარლამ რამიშვილის განცხადებით, ტოლერანტობა გულისხმობს ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა აღმსარებლობის მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს. მისი თქმით, ქართველები სხვადასხვა შეხედულების თუ ქცევის ადამიანებისადმი, ყოველთვის შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ.

"16 ნოემბერი გაეროს გადაწყვეტილებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოლერანტობა, შემწყნარებლობა არ არის ახალი თემა, რადგან ისტორიულად საქართველოში მცხოვრებნი ყოველთვის გამოირჩეოდნენ შემწყნარებლობით სხვადასხვა შეხედულების თუ ქცევის ადამიანებისადმი. დღევანდელი ღონისძიება ერთ-ერთი გამოხატულებაა ამ მოვლენის, რადგან დღეს შეიკრიბნენ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, საეკლესიო მსახურები, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანდნენ ადამიანები, რომლებიც არა მარტო საეკლესიო ცხოვრებით არიან დაკავებულები, არამედ უბრალო ადამიანები არიან, მაგრამ აქვთ საუცხოო ისტორიები და გამოცდილებები რელიგიასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ვარლამ რამიშვილმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, 16 ნოემბერს საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია ერთად აღნიშნავს.

"თითოეული ეკლესია ყოველ წელს არის მასპინძელი. წელს, მასპინძლობა გასწია სახარების რწმენის ეკლესიამ. წარმოდგენილი იყო ყველა რელიგიის წარმომადგენლები: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომხური ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, პროტესტანტები, ლუთერანები, იეზიდები… ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ვაშაყმაძემ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს