თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით გაიმართა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და დედაქალაქში მრავალწლიანი ტოლერანტული თანაცხოვრების ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით. აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ განსხვავებული კულტურის, ეთნოსისა და რელიგიის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლების სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობით, მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერება წარმოადგენს.

სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭო, რომელიც ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით, საბჭომ, ბოლო წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და მრავალი მხარდამჭერი პროექტი განახორციელა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და საბჭოს თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.

დღესვე, თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საკრებულოს წევრებმა მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სათვისტომოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1996 წლიდან გაეროს ინიციატივით აღინიშნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს