გია ხუხაშვილი - ევროკავშირში ბრიყვი არავინაა, რომ ფასადური და კოსმეტიკური ცვლილებები სისტემურ ცვლილებებად ჩაგვითვალოს

საშინაო და ა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“. მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ევროკომისრის ოლივერ იმისისავე რეკომენდაცია კანონის ავკარგიანობის თემაზე თავისი აზრი გამოეთქვა ვენეციის კომისიას.

მმართველი გუნდის განმარტებით, კანონი უკრაინული კანონის ანალოგიით იქნა მიღებული, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოლიგარქების სია პრემიერმა უნდა შეადგინოს.

როგორ შეაფასებდით ამ კანონის მიღებას და საერთოდ, ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას?

- სიმართლე გითხრათ, ეს კანონი ისე მიიღეს რომ არ მომხდარა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ამოცანები უნდა გადაეჭრა კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. დეოლიგარქიზაციის ამოცანა არ არის ვინმეს პერსონიფიცირება, მისი ამოცანაა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბიზნესინტერესები და პოლიტიკური ინტერესები. ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე კონტროლის მოპოვების შესაძლებლობა და მოგების ისევ პოლიტიკაში რეინვესტირების საშუალება. ამის გამიჯვნა უნდა ყოფილიყო ამოცანა.

პროცესი ისე მიდის, ისეთი კანონი მიიღეს, რომ იგი ამ ამოცანას ვერანაირად ვერ შეასრულებს. რიტორიკა გასაგებია არის თითის გაშვერა და ასე შემდეგ. თავად კანონია ხარვეზიანი, რადგან ის ამოცანას ვერ ასრულებს.

დეოლიგარქიზაციის კანონი კლასიკური გაგებით ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია, მიღებული კანონი რაც გარდა იმისა, რომ მკვდრადშობილია, კომიკურადაც კი გამოიყურება

რაც შეეხება იმას, რომ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ოლიგარქების რეესტრი. ოლიგარქია ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკისგან უნდა მოიკვეთონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინტერესი ხელი აფათურონ ბიზნესიდან. ისინი ინტეგრირებული არიან ხელისუფლებაში, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ისინი არიან ოლიგარქები.

თავისთავად ცხადია, რომ თავის თავს არავინ დასჯის. ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებაშია, ანუ ინტეგრირებულია ხელისუფლებასთან, ან აქვს არაფორმალური ურთიერთობები ხელისუფლებასთან, გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი ასეთ ადამიანს ასეთ სიაში არ ჩაწერს და ათას მიზეზს მოიგონებს ამისთვის. დეოლიგარქიზაციის კანონი კლასიკური გაგებით ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია, მიღებული კანონი რაც გარდა იმისა, რომ მკვდრადშობილია, კომიკურადაც კი გამოიყურება.

შესაძლოა, ჩვენ კანონის შინაარსზე ვიდავოთ, ამ კუთხით დეოლიგარქიზაციის კანონი ხარისხიანი არაა, მაგრამ, ამასთანავე, წმინდა პროცედურული თვალსაზრისით აბსურდიც მივიღეთ, რადგან ოლიგარქების სია მხოლოდ დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა შეიძლება შეადგინოს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ჩქარობს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მისი სიჩქარის მიზეზი?

- ხელისუფლება ცდილობს ევროპული რეკომენდაციების შესრულების იმიტირებული პროცესის შექმნას. ეს ეხება არა მხოლოდ დეოლიგარქიზაციის კანონს. ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლება ცდილობს ფასადურად აკეთოს მოძრაობები, თითქოს რაღაცას ასრულებენ, თუმცა, შინაარსობრივად არაფრის შეცვლას არ აპირებს.

მათ დაამკვიდრეს გარკვეული სისტემა, რომელზეც უარის თქმა არ უნდათ. ამიტომაცაა, ჩქარობენ რაღაც შედეგის დადებას იმიტაციურად. პარალელურად, ცდილობენ, ხელის გაიშვირონ ოპოზიციისკენ. თუ ამ 12 პუნქტიდან ხარისხიანად რამე ვერ შესრულდა, ეს მათი ბრალი კი არა, ოპოზიციის არაკონსტრუქციულებისა და რადიკალიზმის ბრალი იქნება. ამ პროცესში არიან და ეს უნდათ მოასწრონ წლის ბოლომდე.

ხელისუფლება ცდილობს ევროპული რეკომენდაციების შესრულების იმიტირებული პროცესის შექმნას

თუ კარგად დავაკვირდებით, ის, რაც ხდება, უფრო პოლიტიკურ თამაშებს ჰგავს და მეტს არც არაფერს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგად ჩვენ მივიღებთ არაფერს. რეალურად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ამ პოლიტიკურ თამაშებში ოპოზიცია რას მოიგებს, ხელისუფლება რას მოიგებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებული დარჩება რადგან არაფერი არ შეიცვლება.

- მმართველი გუნდი და პრემიერი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ ევროპული რეკონდაციების შესასრულებლად.

იგივეს თქმა შეიძლება სახალხო დამცველის, ანაც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, ამ თემებზეც ვერ ხერხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის მიღწევა.

თქვენი დაკვირვებით ვისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს ხელისუფლება?

- ხელისუფლება ცდილობს პროცესის იმიტირებას, თან ისე, რომ რაც ვერ გაკეთდა, ოპოზიციის ბრალია. ასეთია ხელისუფლების ტაქტიკური მონახაზი.

რაც შეეხება ანტიკორუფციულ სააგენტოს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სტრუქტურული ბალანსისკენ წავიდეს, დემოკრატიული პროცესისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მონოპოლიზაციისთვის.

ის მცირე ნათელი წერტილებიც კი, რომელიც ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული, იმის ამოქოლვაზე მუშაობენ. ინსტიტუტების ფაქტობრივი გაუქმება და ერთ ვერტიკალში განთავსება ხელისუფლებას ჯერ არ დაუსრულებია.

ეს ეხება სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და ანტიკორუფციულ სააგენტოსაც. კორუფცია რა არის? კორუფცია არის სისტემის მხრიდან სარგებლის მიღების სანაცვლოდ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ხელისუფლებას არ სურს რომ ანტიკორუფციული სააგენტო კორუფციული სისტემის ნაწილი არ იყოს. ამიტომაცაა, რომ ეს ჯერ არშექმნილი რგოლი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ანტიკორუფციული სააგენტო თუ ასე შეიქმნა, ესეც ხომ ფიქცია იქნება.

ხელისუფლებას არ სურს რომ ანტიკორუფციული სააგენტო კორუფციული სისტემის ნაწილი არ იყოს. ამიტომაცაა, რომ ეს ჯერ არშექმნილი რგოლი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ანტიკორუფციული სააგენტო თუ ასე შეიქმნა, ესეც ხომ ფიქცია იქნება

ამიტომაა, რომ ხშირად ვიმეორებ, სახეზე გვაქვს პროცესის იმიტაცია. ის, ვის ოჯახშიც გვინდა ცხოვრება, გვეუბნება, რომ მის სახლში სიგარეტს არ ეწევიან. თქვენ ეუბნებით, გასაგებია და თქვენ ამაზე თანახმა ხართ, მაგრამ თქვენთვის იწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ოთახში, რომელშიც უნდა იცხოვროთ, როგორ გააუქმოთ შესაბამისი სიგნალიზაცია რომ ჩუმად მოწევა შეგეძლოთ.

დაახლოებით ამ პროცესშია დღეს ხელისუფლება ევროპული რეკომენდაციების შესრულებისას.

- თუ ასე ვიარეთ, არა თუ წლის ბოლოს, არამედ 2023 წლის ბოლომდე არანაირი შედეგი არ გვექნება...

- „ქართული ოცნების“ პირობებში არანაირი თარიღების დასახელებას აზრი არ აქვს. არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება, თუ რამე იცვლება მხოლოდ ფასადურად, კოსმეტიკურად. კოსმეტიკური ცვლილებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სადმე მიდიხარ.

ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები და სისტემურ ცვლილებებს ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან. ევროკავშირში ბრიყვი არავინაა, რომ ფასადური და კოსმეტიკური ცვლილებები სისტემურ ცვლილებებად ჩაგვითვალოს.

- მესმის, რომ ერთიან ნაცმოძრაობაში” რაც ხდება შიდაპარტიული პროცესია, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ „ნაცმოძრაობა“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, გვერდს ვერ აუვლით მის წიაღში მიმდინარე პროცესს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება?

- ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება შიდაპარტიული კრიზისია. სახელმწიფოებრივად, რა შედეგით არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პარტია რომც დაიშალოს, ეს არ იქნება სახელმწიფოსთვის კატასტროფა, შესაძლოა, გარკვეულ წილად პირიქით, უკეთესიც კი იყოს.

რატომ? იმიტომ რომ დღეს ამომრჩეველი ორიენტირებულია მომავლის არჩევანზე. მას მობეზრდა მუდმივი ორპოლუსიანიანობა, ნეგატიური არჩევანი „ნაცმოძრაობის“ წარსულსა და „ქართული ოცნების“ აწმყოს შორის. მას უნდა ჰქონდეს მომავლის არჩევანი. მომავლის არჩევანი ამ ორ პარტიას არ უკავშირდება.

პოლიტტექნოლოგიურად ასეა, ორივე პარტია ახერხებს ორპოლუსიანობის შენარჩუნებას, შესაბამისად ამომრჩეველს ტოვებს ცუდსა და უარეს შორის არჩევანის პირისპირ და იძულებულს ხდის მათ შორის გაკეთდეს არჩევანი. ყველა კვლევებში კარგად ჩანს, რომ ახლა არის მოთხოვნილება ახალ პოლიტიკურ ძალებზე.

ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება შიდაპარტიული კრიზისია. სახელმწიფოებრივად, რა შედეგით არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პარტია რომც დაიშალოს, ეს არ იქნება სახელმწიფოსთვის კატასტროფა, შესაძლოა, გარკვეულ წილად პირიქით, უკეთესიც კი იყოს

თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშალა, გართულდება ორპოლუსიანი სივრცის ფორმირება, რაც პოლიტიკურ პროცესს წაადგება და გარკვეულ წილად ხელს შეუწყობს დემოკრატიის დამკვიდრებას. ამიტომ ვამბობ, რომ ამ თვალსაზრისით, პრობლემას ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება შიდაპარტიულ დაპირისპირებას. ამგვარი რამ მხოლოდ არჩევნების გზით წყდება. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, გარიგება-მორიგება, ამან შესაძლოა გადადოს, პროცესი. მაგრამ, ის სისტემური პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია, ვერ გადაწყდება. შემდეგ კიდევ უფრო მძიმე ფორმით განვითარდეს ეს კონფლიქტი. ამიტომ, ამ ტიპის კონფლიქტები უნდა გადაწყდეს მხოლოდ არჩევნების გზით.

უნდა შეთანხმდეს ყველა მხარე, ვინც პარტიული ძალაუფლებისთვის იბრძვის, რომ ჩაატარონ შიდა პარტიული დემოკრატიული არჩევნები და ყველა მხარემ აღიაროს მისი შედეგები. თუ ასეთი ბაზისი შეიქმნა, მხოლოდ წაადგება „ნაცმოძრაობას“.

- ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმმა პოლარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება. მის კომენატარებაზე ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მაგრამ გასაკვირი იყო მისი მხრიდან იმის თქმა, რომ იგი ჩვენს შიდა საქმეებზე სრულად ინფორმირებული არ იყო.

პოლარიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისრის ჩამოსვლამდე გვახსოვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება - „პოლარიზაცია არის თავსმოხვეული ტერმინი, რომლის ერთადერთი მიზანია შეიფუთოს რადიკალიზმი პოლიტიკაში“.

თუ ხელისუფლების მიზანი არც პოლარიზაციის დაძლევა არაა, მაშინ მმართველი გუნდის ამოცანა რა შეიძლება იყოს?

- „ქართული ოცნების“ ამოცანაა ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა, მათ სხვა ამოცანები არ აქვთ. მათ არ აქვთ ფასეულობათა სისტემა, არ არიან არც პროდასავლელები და არც პრორუსები, მათთვის ერთადერთი ფასეულობაა ძალაუფლება.

მმართველი ძალისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია. ისინი არ ამტკიცებენ, რომ კარგები არიან, ისინი მუდმივად იმას ამბობენ, სხვები მათზე უარესები არიან. ამის მუდმივად სამტკიცებლად მათ სჭირდებათ რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს პოლარიზაცია. მათ მუდმივად სჭირდებათ ოპონენტების მუდმივი დემონიზაცია და მუდმივად ორპოლუსიანობა.

მმართველი ძალისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია... მათ მუდმივად სჭირდებათ ოპონენტების მუდმივი დემონიზაცია და მუდმივად ორპოლუსიანობა

- რადგან დემონიზაცია ახსენეთ, შეუძლებელია დასავლეთის დემონიზაციის თემა არ გავიხსენოთ. უფრო სწორად უმრავლესობის ლიდერშიფიდან ამ თვალსაზრისით გამორჩეული დეპუტატი ზარქუა.

ფაქტია, რომ თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკულ განცხადებებით მან „ხალხის ძალის“ ცხრაკაცს კი გადააჭარბა. რა უნდა ვიფიქროთ, მმართველი ძალა ახლა აშშ-სა და დასავლეთის დემონიზაციას ახდენს?

- ანტიდასავლური კონტექსტი „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის ერთ-ერთი მხარეა. ისინი ამბობენ - თქვენ გვეუბნებით, რომ ვართ ცუდი ბიჭები, რადგან არ ვასრულებ ევროპულ რეკომენდაციებს და არ შევესაბამები ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ, უნდა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ.

თუ არ მიმიღებ, მე მაქვს სხვა მიმართულებით მანევრის შესაძლებლობა. ნუ მთხოვ რაღაცების შესრულებას და ასე შემდეგ. ამ ენაზე ელაპარაკებიან ისინი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. თუ გჭირდები, მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, თუ არადა კარგად იყავი. ასეთია „ქართული ოცნების“ ევროპული პოლიტიკის მთელი არსი.

(00000000000000000000000)

ოთხეული, ახლა ცხრა რომ არიან და „ხალხის ძალა“ რომ ჰქვიათ, გადასხეს იმ ფლანგზე, რომლითაც ანტიდასავლურად განწყობილი ელექტორატის ხმების მიმხრობაა შესაძლებელი. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაკარგოს არც ევროსკეპტიკოსების ხმა და თავისთვის მიითვალოს.

- ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი თამაშებით სავარაუდოდ, სად შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?

- არც არსად. ევროპა ჩვენთვის გეოგრაფიული არჩევანი არ არის. თუმცა, ამის მცდელობა სულ ცოტა ხნის წინ იყო. ევროპა პირველ რიგში დემოკრატიაზე და ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული ფასეულობათა სისტემაა, ამიტომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება ჩვენ ევროპისთვის კი არა, ჩვენთვის გვჭირდება.

კი ბატონო, იმისთვისაც გვჭირდება, რომ მიგვიღონ, მაგრამ უპირველესად ხომ ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის გვჭირდება. ამას კი არ ვაკეთებთ, ამიტომ არსადაც არ მიგვიყვანს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა