2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს

2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა, რომლის ძირითადი ეტაპი საავიაციო ფორუმ ROUTES WORLD 2022-ის ფარგლებში გაიმართა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარის, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით და პირიქით, ფრენებს. ბილეთები დღეიდან უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და ჩვენს მოქალაქეებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ თურქეთის დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში მოხვედრა”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს - 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

„SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავიაგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა