თსუ-ში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიხსნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენცია გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, ვახტანგ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ვახტანგ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ფილოსოფოსის დარგის განვითარებაში შეტანილ მის წვლილზე გაამახვილა ყურადღება თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში საუბრობდა ქართველი ფილოსოფოსი ადამიანის ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე, როგორიც არის თავისუფლება. იგი იყო „იდეოლოგიების მკვლევარი“ და მისი მონოგრაფია „ერი და იდეოლოგია“ მეტად აქტუალურია.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ვახტანგ ერქომაიშვილის შემოქმედების მნიშვნელობა და წვლილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.

,,იუნესკო აღნიშნავს მსოფლიო ფილოსოფიის დღეს. თსუ უკვე 18 წელია აღნიშნავს ამ დღეს. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ქართული ფილოსოფიური სკოლის ნათელ წარმომადგენელს ვახტანგ ერქომაიშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში,“- აღნიშნა თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორდღიანი კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები საუბრობენ ფილოსოფიის, როგორც დარგის მნიშვნელოვნებასა და მისი განვითარების ისტორიაზე, იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფოსებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ იტალიელი, ლატვიელი, ლიეტუველი ფილოსოფოსები. კონფერენციის მეორე დღე მთლიანად სტუდენტების მოხსენებებს დაეთმობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო