თორნიკე შარაშენიძე - საქართველო ადრე აღიქმებოდა ლიდერად, ახლა კი არ აღიქმება ტრივიალური სისულელეების გამო

საქართველო ადრე აღიქმებოდა ლიდერად, ახლა კი არ აღიქმება ტრივიალური სისულელეების გამო, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ამის გამოსწორება არ არის რთული. მისი თქმით, ყველაზე მეტად ეს ეხება ხელისუფლებას, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, „ასევე არის პოლარიზაცია, რომელიც ყველას ეხება“.

პოლარიზაციაზე საუბრისას, შარაშენიძემ განაცხადა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ზვიად გამსახურდიას მთავრობის შემდეგ, ასეთი პოლიტიკური დაპირისპირება არ ახსოვს.

ამასთან, მისივე თქმით, შეთქმულების თეორიები, რომელსაც ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი აერთიანებს, უნდა განეიტრალდეს თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ.

„გასაგებია, რომ ეს ჯგუფი, რომელიც აკეთებს კონსპირაციულ განცხადებებს, ალბათ რაღაცისთვის არის საჭირო, მაგრამ ამავე დროს ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ამ ჯგუფმა მთელი „ქართული ოცნება“ წაიყვანოს და დააყენოს ამ კონსპირაციულ რელსებზე. საჭიროა ამ ჯგუფის განეიტრალება და გადაფარვა - რაც უფრო ხშირად გააკეთებენ ამას, უკეთესი იქნება. თუ ეს ჯგუფი რაღაცისთვის არის საჭირო, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ. მათ არ უნდა გააჩინონ შთაბეჭდილება, თითქოს „ოცნებაც“ მათ პლატფორმაზე დგას“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, მან შეაფასა ირაკლი ზარქუას დღევანდელი განცხადება, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სენატორ შაჰინის სიტყვებს „სისულელე და შტერობაა“ უწოდა. ზარქუას თქმით, „დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა ამიტომაც დაკარგეს“.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, სჯობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„არავინ ეკითხება საქართველოში არავის, მათ შორის არც პარლამენტის წევრებს აშშ-ის კონგრესში რა ხდება. ამერიკელები არ ახედებენ შიდა პოლიტიკაში არავის, მითუმეტეს საქართველოს პარლამენტის წევრებს. სჯობს, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. აშშ-ზე მისი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის წევრი მსგავსი ტონით წესით არ უნდა ლაპარაკობდეს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამე ხომ არ შეიცვალა ამ მიმართულებით უფრო სერიოზულად, ვიდრე ჩვენ გვგონია, საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა გადადის დაპირისპირების რეჟიმში ამერიკასთან? შარაშენიძემ განაცხადა, რომ „ზოგიერთი პარლამენტარი ლაპარაკობს ხოლმე რაღაც საოცრებებს, რის შემდეგაც გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და გაანეიტრალებს ხოლმე ამ განცხადებას“.

„ვნახოთ, განეიტრალდება თუ არა ეს განცხადება. მე ყოველთვის ასე ვუყურებ, რომ ფლანგები საჭიროა სხვადასხვა თამაშისთვის. ერთი ერთ თამაშს ეწევა, მეორე მეორეს და მერე ამ თამაშს გაანეიტრალებს ხოლმე აღმასრულებელი ხელისუფლება. შევხედოთ, ამას რა მოჰყვება, რომ განეიტრალდეს ეს „შტერობა“. ცალკეულმა კონგრესმენმა შეიძლება ხანდახან არასწორი რამ თქვას. კონგრესმენი იქაური დეპუტატია და დეპუტატები სიშტერეებს ამბობენ მთელ მსოფლიოში და ხანდახან ცალკეულმა კონგრესმენმაც შეიძლება თქვას. აღმასრულებელი ხელისუფლება კი სულ სხვა თემაა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ხედავენ, ძლიერ აშფოთებთ, „რადგან ხედავენ „დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა