კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ უპრეცედენტო რაოდენობის ავტორი მონაწილეობს - ხმის მიცემა დაიწყო

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია, რაც ახალ ნიჭიერ ავტორებს გამოავლენს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს. კონკურსის გამარჯვებულები მართლაც ხდებიან ბესტსელერები, რომლებსაც მკითხველი ძალიან აფასებს.

მიმდინარე წელს კონკურსის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის განცხადება დაფიქსირდა. ნაწარმოებები, რომლებიც პროექტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, 15 ნოემბრიდან გამოქვეყნდა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ხმის მიცემა მიმდინარეობს. რჩეული ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა 5 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საჯარო ხმის მიცემის პარალელურად, წარდგენილ ნაწარმოებებს სპეციალურად შერჩეული ჟიურიც გაეცნობა. საბოლოოდ, პირველი ტურის შემდეგ მაქსიმუმ 20 რჩეული კონკურსანტი გამოვლინდება. საერთო რაოდენობიდან 10 მკითხველის რჩეული იქნება, დანარჩენ კონკურსანტებს კი ჟიური გამოავლენს.

„პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, მიმდინარე წელს კონკურსის პირობებში ცვლილებებია. შეტანილი ცვლილებები შერჩეული და გამოცემული ნაწარმოებების ხარისხისა და დონის აწევას ისახავს მიზნად.

„კონკურსის მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ. თუ აქამდე 18 წელი იყო ქვედა ზღვარი, ახლა 21-მდე გავზარდეთ და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. განვლილი წლების გამოცდილებამ განაპირობა და გვიკარნახა ეს და სხვა ცვლილებები. პირველ წლებში საერთოდ არ გვქონდა ასაკი მითითებული და ძალიან ბევრმა სკოლის მოსწავლემ გამოგზავნა თავისი ნაწერები. იძულებულები გავხდით, მათი უმრავლესობა მოგვეხსნა კონკურსიდან, რადგან სრულიად უმწიფარი, ბავშვური ტექსტები იყო, არაფერი ჰქონდა საერთო კონკურსის იდეასთან. შემდეგი ნაბიჯი მინიმალურ ზღვრად 18 წლის დაწესება იყო. ვითარება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში მაინც ჩამოყალიბდა არასწორი აღქმა, რომ ეს არის კონკურსი მხოლოდ დამწყები ავტორებისთვის. სინამდვილეში, ჩვენი ჩანაფიქრით, კონკურსი გულისხმობს შესაძლებლობების სივრცის შექმნას ყველასთვის - დამწყებთათვისაც და უკვე გარკვეული ბიოგრაფიის მქონე ავტორებისთვისაც, რომლებსაც დაუგროვდათ სათქმელი ან ნათქვამ-დაწერილი, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მკითხველისთვის მათ გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, არიან ავტორები, რომლებიც ერიდებიან გამომცემლობებთან მოლაპარაკებებს ან წერის რაღაც ეტაპზე გაჩერდნენ და აზრს ვერ ხედავენ, რომ დაასრულონ. ეს კონკურსი მათთვისაც არის, ისევე, როგორც სრულიად ახალბედა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის,“ - განმარტავს მაია ალუდაური.

მაია ალუდაური ახალგაზრდა, 21 წლამდე ავტორებს ურჩევს სრული ენერგია თვითგანვითარებაზე მიმართონ, ბევრი იკითხონ, ისწავლონ, ივარჯიშონ და, რაც მთავარია, იგრძნონ, რამხელა პასუხისმგებლობაა მკითხველის წინაშე საკუთარი შემოქმედების გამოტანა. ხოლო უკვე როდესაც ნამდვილად მზად იქნებიან მკითხველის წინაშე წარდგომისთვის, მერე მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

„კატეგორიულად არ გვინდა, ეს კონკურსი განიხილებოდეს, როგორც წიგნის გამოცემის იოლი შესაძლებლობა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შევეცდებით, ამაში ჩვენი მკითხველიც დავარწმუნოთ. 2023 წლის კონკურსანტების ნამუშევრები უკვე საჯაროა და ელოდება დაინტერესებულ მკითხველებს, მხარდამჭერებს. ჩვენ კი მომავალ წელსაც და ყოველთვის სიამოვნებით დაველოდებით საინტერესო ავტორებსა და მათ შემოთავაზებებს. ყოველთვის ძალიან სერიოზული ჟიური მუშაობს მათ შესწავლა-შერჩევაზე და ცდილობს, არ გამორჩეს არცერთი „ნაპერწკალი“. ასე რომ, ვფიქრობ, თანდათან უფრო გაიზრდება კონკურსისადმი როგორც ავტორების, ისე მკითხველის ნდობა და სულ უფრო მეტ გულშემატკივარს შევიძენთ,“ - დაამატა გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსის პირველი ტური 5 დეკემბერს დასრულდება. მეორე ტურში, შერჩეული კონკურსანტების მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და ხმის მიცემა თავიდან დაიწყება. მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 10 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს. 1-ელ თებერვალს კი მაქსიმუმ 3 გამარჯვებული გამოცხადდება. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულ ნაწარმოებებს „პალიტრა L“ გამოსცემს და მის პოპულარიზაციაზე იზრუნებს. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერ წიგნებში.

(R)

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს