უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად, უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას უმასპინძლა.

საგარეო უწყების ცნობით, კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო უცხოეთში ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართულ საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერას და როგორც დაგეგმილ, ისე მიმდინარე პროექტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.

„შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც ისინი უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად ეწევიან. ვლადიმერ კონსტატინიდიმ ასევე აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლებისა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა