დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა.

„თქვენ იცით, ზოგადად სპორტი რამდენად პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებული სიყვარულით ფეხბურთის მიმართ გამოირჩევიან. ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიდ დიღომში საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა, თანამედროვე მოედნით, გასახდელებით, საშხაპეებით. ასევე, დამონტაჟდა სკამები გულშემატკივრებისთვის.

ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მათსავე რაიონში, უბანში ივარჯიშონ და სპორტული საქმიანობა გააგრძელონ. მათ სხვადასხვა რაიონებში სიარული უწევდათ, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემა იყო მათი ოჯახებისთვის. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო. ეს გრანტით განხორციელებული პროექტია. თბილისში ამ ტიპის ხუთი პროექტი განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ბევრი ასეთი სივრცე შეიქმნას ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით.

საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ შეძლებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა