სტუ-ს სტუდენტებმა სტოკჰოლმში, „ქართული ტრადიციების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი კოლექტივები - სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ და ვაჟთა სახალხო კაპელასთან არსებული ვოკალური ანსამბლი - სახელმწიფო პროგრამა „ქართული ტრადიციების“ ფარგლებში, შვედეთის სამეფოში, სტოკჰოლმში, გასტროლზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

პროგრამა „ქართული ტრადიციების“ მხარდამჭერი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართულ-შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია „დეიზის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში VIPR/„ვიპიარ“ ჯგუფი GCC-Malta, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება.

პროგრამა „ქართული ტრადიციების“ ფარგლებში სტოკჰოლმში გამართულ ღონისძიებაზე, რომელზეც შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული, სტოკჰოლმის მერი, შვედეთის მოქალაქეები, საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობმა სტუდენტებმა ქართველ პოეტთა შემოქმედების მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ დადგმული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს, ხოლო სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელასთან არსებული ვოკალური ანსამბლის წევრებმა, კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს.

როგორც სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა და სტოკჰოლმის მერმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლას მაღალი შეფასება მისცეს. მისი თქმით, კონცერტის მანძილზე, განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ქართული დიასპორის წარმომადგენელთა სითბო და ოვაცია.

„ჩვენი სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ მაყურებელმა, რომელთა შორის იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათი გამოსვლა დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიიღო. 75-წლიანი ტრადიციის მქონე საუნივერსიტეტო თეატრის ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ, სტუდენტების სამსახიობო ნიჭმა, ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვანი ვაჟთა კაპელის სტუდენტთა მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა და ქალაქურმა სიმღერებმა მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. შვედეთში მიღებული შთაბეჭდილებები ნამდვილად დაუვიწყარი იქნება სტუდენტებისთვის, რაც მათ ძლიერ მოტივაციას შეუქმნის, მომავალში მეტად განივითარონ შემოქმედებითი პოტენციალი. ეს დიდი წარმატებაა, როგორც სტუდენტური შემოქმედებითი კოლექტივებისთვის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მხარდამჭერებს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს შვედეთის სამეფოში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომლებმაც უზრუნველყვეს შვედეთის სამეფოში, პროგრამა „ქართული ტრადიციების“ ფარგლებში, საუნივერსიტეტო სტუდენტური კოლექტივების მონაწილეობა“, - აღნიშნავს დავით ოქიტაშვილი.

სტოკჰოლმში, პროგრამა „ქართული ტრადიციების“ ფარგლებში, გაიმართა ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმ „ღვინის აკვანის“ ჩვენება, პოპულარული ჯაზ-მომღერლის, მაია ბარათაშვილის მუსიკალური პერფორმანსი - Jazz & Wine, ასევე, ქართული ღვინისა და პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი კოლექტივები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირაკლი ხუცურაულს შეხვდნენ. დასკვნით საღამოზე კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებს, ციცინო ფალავანდიშვილსა და ნუგზარ ბუცხრიკიძეს, ასევე, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს, სპეციალური ჯილდოები და საპატიო სიგელები გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა