ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (W&M) – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 26 ნოემბერს გორში შედგება, შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (W&M) – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 26 ნოემბერს გორში შედგება, შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ათაბეგაშვილის განცხადებით, ძიუდოს საქართველოში დიდი ყურადღება და პატივისცემა ენიჭება და ეს ღონისძიება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ემსახურება მსოფლიოში. საქართველოს ეწვევა მსოფლიოს უმაღლესი კლასის კლუბები და ძიუდოისტები, ოფიციალური პირები, ასევე ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი და მისი ძლიერი გუნდი, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სპორტულ პოტენციალს მისი ცნობადობის ამაღლებაში და მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ დიდი მხარდაჭერისთვის.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოში გასამართი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზატორი. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – ჩემპიონთა ლიგის საქართველოში ჩატარება და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამ მიმართულებით დიდი გეგმების განხორციელებას გააგრძელებს.

საქართველოში ძიუდო არის ყველაზე დიდი მოვლენა და ზეიმი, ერთიანობის დღესასწაული, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ქართველი ხალხი ძიუდოს თავის დნმ-ად თვლის. ჩვენთვის უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე პერიოდულად შევკრიბოთ ევროპის ყველა ქვეყნის კლუბი და გავმართოთ მეგობრული შეჯიბრი. ეს ტურნირი გააძლიერებს მეგობრობას და ურთიერთგაგებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ სოციალურ პასუხისმგებლობებს, მომავალი თაობები უნდა იყვნენ ინფორმირებული არა მხოლოდ სპორტის გასართობ და ჯანმრთელობის ასპექტებზე, არამედ იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც მას მოაქვს საზოგადოებისთვის.

სხვა კლუბებთან ერთად, უმაღლესი კლასის ძიუდოისტებით დაკომპლექტებული სამი უძლიერესი ქართული კლუბი საკუთარ კედლებში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას შეეცდება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდებული შეჯიბრი უმაღლეს საორგანიზაციო დონეზე ჩატარდება და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენების ბრძოლები სიამოვნებას მიანიჭებს ქართველ გულშემატკივარს“, - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა.

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ წელს საქართველო აღნიშნავს 50 წლის იუბილეს მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შოთა ჩოჩიშვილმა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და სასიამოვნოა, რომ ეს ტურნირი, რომელიც მის ქალაქში ტარდება, მისი სახელობის იქნება. ამ ადამიანმა შექმნა ახალი ეპოქა, რის შემდეგაც ქართულმა ძიუდომ დაიწყო აღმასვლა.

გორი ძიუდოს ქალაქია, სადაც არ არსებობს ოჯახი, რომლის წევრსაც არ აქვს შეხება ძიუდოსთან, ამ მართლაც მშვენიერ სპორტთან, ამიტომაც ეს ჩემპიონატი იმართება ძიუდოს ქალაქში, სადაც დაიბადა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. ახალმა თაობამ ნამდვილად უნდა იცოდეს, რა რთულია, ოლიმპიური მწვერვალისკენ მიმავალი გზა და რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნის პატრიოტულ სულისკვეთებას, საქმის ერთგულებასა და შრომის სიყვარულს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა