ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ ლიეტუვაში გამართულ ფესტივალზე წარმატებას მიაღწია

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ ლიეტუვაში გამართულ ფესტივალზე წარმატებას მიაღწია. როგორც ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ემიგრანტმა, სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ ხელმძღვანელმა, ნათია ახვლედიანმა განაცხადა, მსახიობობის ნიჭით დაჯილდოებულმა ემიგრანტებმა ლიეტუვას ქალაქ კაუნასის ფესტივალზე „მასკარადი“ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

„მართალია უცხოეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი საქართველოა. ვცდილობთ სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ წევრებმა მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის სახელისთვის. ენთუზიაზმი რომ არა, ვერ შევძლებდით ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ემიგრანტები პერიოდულად შევიკრიბოთ ამსტერდამში და ჩავატაროთ რეპეტიციები. ამ გასტროლისთვის მადლობას ვუხდით რეჟისორ ბადრი წერედიანს. ჩვენს სამოყვარულო თეატრს დიდი და საინტერესო გეგმები აქვს, რაც ისევ და ისევ საქართველოს პოპულარიზაციას მოემსახურება“,- განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

ფესტივალზე „მასკარადი“ ქართველი ემიგრანტების გარდა, სპექტაკლი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა დასმაც წარადგინა. ქართველი ემიგრანტების სპექტაკლს ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კონსული დაესწრნენ. ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული ქართველების თეატრალური დასის მასპინძელი ჰანა შუმილაიტეა, რომელსაც საქართველოსთან დიდი მეგობრობა აკავშირებს და ის ერთადერთი ლიეტუველი ქალია, რომელსაც საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ პრიზი „ქართული თეატრის მეგობარი“ გადასცა.

„საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია ქართული კულტურა გასაგები გახადო უცხოელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დაკისრებულ როლებს. მადლობა ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ისინი ჭეშმარიტი თეატრალები არიან და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ ასახელებენ საქართველოს“, - განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა ბადრი წერედიანმა.

თეატრი "ათინათი" "ჰელადოსს" ჰოლანდიასა და ბელგიის სამეფოში 2023 წლის თებერვალში წარუდგენს მაყურებელს. ასევე იგეგმება სხვა სპექტაკლების დადგმაც, რაც უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება.

„პირველ წარმატებაზე ბევრია დამოკიდებული. ემოციებით და ბედნიერების განცდა დაგვეუფლა, ჩვენი სათქმელის მიტანა, რომ შევძელით მაყურებლამდე. მით უფრო ისინი უცხოელები არიან. ჩვენი თეატრის დასის ნიჭიერმა წევრებმა კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო“, - განაცხადა თეატრის პიარ-მენეჯერმა ნატალი ჩადუნელმა.

ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2021 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ემიგრანტმა თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა