გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას ართმევს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას ართმევს.

ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი მეორეხარისხოვნად განიხილება კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით.

„მსოფლიო მოსახლეობის რიცხვმა სულ ახლახან 8 მილიარდს მიაღწია, რაც კაცობრიობის მიერ პროგრესისკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის შედეგია. ამ ნიშნულამდე ჯანდაცვის მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ მიგვიყვანა. თუმცა, სავალალო რეალობას წარმოადგენს ის, რომ პროგრესი მსოფლიოს ყველა ნაწილსა და ყველა ადამიანს თანაბრად არ ეხება, და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ ბევრ მათგანს ტოვებს ღირსებისა და კეთილდღეობის მიღმა და ართმევს მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას.

ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქალების უფლებები და არჩევანი მეორეხარისხოვნად განიხილება კაცების უფლებებთან და არჩევანთან შედარებით, და იქამდე, ვიდრე მათი სხეული მათივე საკუთრებად არ იქნება მიჩნეული.

თითქმის არ დარჩა სივრცე და ადგილი, სადაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა არ იჩენს თავს. ქალებსა და გოგოებზე ძალადობენ ოჯახებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სპორტულ მოედნებზე და, სულ უფრო და უფრო, ონლაინსივრცეში. ამ ფორმის ძალადობის გამოვლინებების ზრდას ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება და ომი. ქალები და გოგოები ვერსად გრძნობენ თავს სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად. მათ მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ყველაზე მოუშორებელ, ყველაზე დამანგრეველ, ადამიანის უფლებების ყველაზე შეუმჩნეველ და უგულებელყოფილ დარღვევად.

ეს არის ჩვენი რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა სრულიად ექვემდებარება აღკვეთას. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს კრიზისი იმით, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ და ვიმოქმედოთ იმ ადამიანების მხარდამხარ, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, რომლებიც ხმას იმაღლებენ და სკანდირებენ „კმარა“. ყველა ადამიანს აქვს სხეულის ავტონომიის უფლება, უფლება იცხოვროს უსაფრთხოდ და იგრძნოს თავი დაცულად“, - აცხადებს ნატალია კანემი.

მისივე განცხადებით, დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს პარტნიორების გვერდით და გაეროს გენერალური მდივნის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილი კამპანიის მხარდამჭერთა შორის დგას და მოუწოდებს მთავრობებსა და მოკავშირეებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ, რათა წერტილი დაესვას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა არსებული ფორმას.

„ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობის გავრცელების შეჩერება გადაუდებელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვირტუალური სამყარო შევიწროების, სიძულვილის და შეურაცხყოფის ასპარეზად იქცა, რაც ზოგჯერ რეალურ სამყაროში ფატალური შედეგებით სრულდება. ჟურნალ „The Economist”-ის კვლევის განყოფილების თანახმად, ქალების ძალიან დიდი წილი - 85 პროცენტი - ონლაინსივრცეში ძალადობის მსხვერპლი ან მისი მოწმე ხდება. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც გენდერულ უთანასწორობას ღრმად აქვს ფესვები გადგმული. გარდა ამისა, არასათანადო მოპყრობასა და ზიანს კიდევ უფრო ამძიმებს ისეთი ურთიერთგადამკვეთი ფაქტორები, როგორიცაა რასა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და რელიგიური კუთვნილება. გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთისა და მასზე რეაგირების ძალისხმევა უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნულ ფაქტორებსაც.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც საკუთარ სხეულზე უფლების დაცვას ეხება, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ ინტერნეტ სივრცეში, კორპორაციული ლოგოები და სხვა მასალები, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება, უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ადამიანები. სწორედ ამ კამპანიამ ჩაუყარა საფუძველი მრავალფეროვან გლობალურ მოძრაობას, რომელიც ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობის შეჩერებას მოითხოვს, რომელიც ქალთა უფლებადამცველ აქტივისტებს სახელისუფლებო მარეგულირებელ უწყებებთან და ტექნოლოგიების მომწოდებელ კერძო სექტორთან აკავშირებს. ვირტუალურ სივრცეში გენდერული ნიშნით შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების გლობალური პარტნიორობა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიქმნა, და რომელსაც სხვა ორგანიზაციებთან ერთად გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) უდგას სათავეში, უკვე იკრებს ახალ პარტნიორებს, სულ უფრო პოპულარული ხდება და მოქმედებისთვის მზადყოფნას აცხადებს.

ონლაინუსაფრთხოების შესახებ გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში მიღებული ახალი კანონები ცვლილებისკენ მტკიცე სვლის ნიშნებს მოიცავს. ლაოსის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამტკიცა და შემოიღო ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს მომსახურებათა მიმწოდებლების აღჭურვას ტექნოლოგიებით წახალისებულ ძალადობაზე რეაგირებისათვის საჭირო რესურსებითა და კომპეტენციებით. ტუნისში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ახალგაზრდებს ვირტუალურ სამყაროში უსაფრთხოდ ნავიგაციაში ეხმარება. არგენტინამ ეს საკითხი სექსუალური განათლების ყოვლისმომცველ სასწავლო პროგრამებში ჩართო.

ასპარეზზე კერძო სექტორიც გამოჩნდა. მაგალითად, ტექნოლოგიების მწარმოებელმა ზოგიერთმა კომპანიამ ახალი შეზღუდვები შემოიღო, ადგილმდებარეობის ონლაინკონტროლსა და მონაცემთა გაზიარებაზე. სხვა კომპანიები საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შენიღბვას ამჯობინებენ, რაც მონაცემთა მიკერძოებულ და თუნდაც, თავდასხმის იარაღის სახით გამოყენებას ზღუდავს.

ეს ყველაფერი იმედისმომცემი დასაწყისია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. კანონებსა და უსაფრთხოების კონტროლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზრუნვა ჩვენი დამოკიდებულების რადიკალურად გარდაქმნაზე - თუ როგორ აღვიქვამთ ქალებისა და გოგოების უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი საკუთარ სხეულთან დაკავშირებით და იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ეს ნიშნავს მავნე და საზიანო სოციალური და გენდერული ნორმებისა და იმ ბარიერების რღვევას, რომლებიც ამ უფლებების რეალიზებას ეღობება წინ, და ამ მიმართულებით ძალისხმევა თავდაპირველად უნდა მივმართოთ ყველაზე მარგინალიზებულ ადამიანებზე ზრუნვისკენ, რომლებიც ყველაზე სასტიკი ძალადობისა და დისკრიმინაციის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

მოდით, შევეცადოთ, მაგალითი ავიღოთ აქტივისტებისგან, რომლებიც ყველა სექტორსა და მთელ მსოფლიოში მობილიზებულნი არიან და წინ მიიწევენ, ერთიანდებიან და მტკიცე გადაწყვეტილებს იღებენ. მოდით შევუერთდეთ სხეულის ავტონომიის დაცვის მოძრაობას, რათა დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ, ყველასთვის და ერთხელ და სამუდამოდ“,- აცხადებს ნატალია კანემი.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი