ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს მიენიჭა

ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი კიდევ ერთ უნიკალურ ქართულ ღვინოს, „ასურეთულ შალას“ მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას “საქპატენტი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართული ღვინისთვის - „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით “საქპატენტს”, 2022 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმართა.

„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.

ქართული ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს, 2022 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმართა. განაცხადით წარმოდგენილი და საქპატენტის მიერ მოძიებული მასალებით გაირკვა, რომ „ასურეთული შალა“ ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა; მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში; ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა, დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში; ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“, ძველი ასურეთის ნასახ¬ლარზე იპოვა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“.

ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია საქპატენტში, 2022 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. “საქპატენტის” თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან მეხუზლასთან ერთად, სერტიფიკატი ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონული ცენტრის დამფუძნებელს, ალექსანდრე ჭიჭინაძეს გადასცა. ამ დროისათვის, „ასურეთულ შალასთან“ ერთად, საქართველოში დაცულია ჯამში 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. სახელმწიფო რეესტრში განთავსებულია ინფორმაცია „ხვანჭკარაზე“, „ჭაჭაზე“, „თუშური გუდაზე“, „ჩურჩხელაზე“, „სულგუნზე“, „ბორჯომზე“, „მაჭახელას თაფლსა“ და სხვა უნიკალურ ქართულ პროდუქტებზე.

“საქპატენტი” უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ასურეთული შალა“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით. ანალოგიური განაცხადი გაკეთდება, “საქპატენტის” მიერ მიმდინარე წელს რეგისტრირებულ სხვა გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან. “საქპატენტი” ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს