პროფკავშირები - ქალები, სამუშაო ადგილებზე, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცულნი უნდა იყვნენ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიაში არაერთი აქტივობით ერთვება და სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება და უერთდება შსო-ს მოწოდებას, მხარი დავუჭიროთ 190-ე კონვენციის „სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროვების აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირების პროცესს.

„როგორც ცნობილია, 2019 წლის ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ მიღებული 190–ე კონვენცია საეტაპო ინსტრუმენტია. ეს არის პირველი შრომის საერთაშორისო სტანდარტი, თანმხლებ 206–ე რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც ეხება ძალადობასა და შევიწროებას შრომის სამყაროში. იგი მოქმედების საერთო ჩარჩო და უნიკალური შესაძლებლობაა, რათა შრომის მომავალი სწორედ ღირსებასა და პატივისცემას დაეყრდნოს. კონვენცია ადასტურებს, რომ ყველას აქვს უფლება ჩაერთოს შრომით საქმიანობაში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროების გარეშე. კონვენცია მოიცავს ძალადობისა და შევიწროების პირველ საერთაშორისო განმარტებას, შრომის სფეროში და განსაკუთრებულ აქცენტებს გენდერული ნიშნით ძალადობაზე აკეთებს.

სწორედ, ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირების მიმართ სახელმწიფო მზაობა დასტურდება იმითაც, რომ პროფკავშირების ინიციატივით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში შეტანილია #190-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხი, რომელიც კონკრეტული ქმედების განხორციელების მოლოდინშია.

25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ძალადობისა და შევიწროების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, COVID-19-გან გამოწვეული პანდემიისას, რომლის შედეგებიც სრულად ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი.

პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა სამუშაო ადგილებზე ქალთა შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტები, რაზეც საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.

კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ის სექტორები, სადაც დასაქმებული სწორედ ქალები არიან. ასეთია მაგალითად: მომსახურების სექტორი: სასტუმროები, რესტორნები; ვაჭრობის სექტორი. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში დასაქმებული ქალები – დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ. ქალებში უმუშევრობის დონე 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 1,8%-ით არის გაზრდილი და 17,8%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა პანდემიის დროს შემცირდა 52 300-ით, მათგან კი 67,4% (35,3 ათასი) ქალი იყო. 2021 წელს მდგომარეობა არ გამოსწორებულა და დაქირავებით დასაქმებული ქალების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ 36 700-ით ნაკლები იყო.

ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდებოდა საქართველოში 2008 წლის კრიზისის დროს, როდესაც უმუშევრად დარჩენილთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალი იყო. პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების გამოსწორებას წლები დასჭირდება. ეს პერიოდი უკვე ნათელია, რომ გაცილებით ხანგრძლივი იქნება ქალებისთვის, ვიდრე კაცებისთვის.

ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ამ მონაცემებზე ორჯერ და უფრო მეტად მძიმეა. ხელისუფლებას ვალდებულება აქვს დაიცვას დასაქმებული ადამიანები ძალადობისა და შევიწროებისგან.

შსო-ს 190-ე კონვენცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში არის „ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ის საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ სამუშაოსთან“. კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც - „ქცევას, პრაქტიკებს ან მუქარებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას. “მიმდინარე წელს პროფკავშირების მიერ ტექსტილის წარმოების სფეროში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ აქ დასაქმებულ ქალთა 32,5% შევიწროების მსხვერპლია. ეს არის ის სექტორი, სადაც ასეთი ფაქტები ყველაზე ხშირია. თუმცა, სხვა სფეროებშიც მრავალი შევიწროების ფაქტი ფიქსირდება.

სწორედ 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ დააჩქაროთ და დროულად დაუჭიროთ მხარი შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირების პროცესს. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქალები, სამუშაო ადგილებზე, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცულნი იქნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა