თენგიზ ცერცვაძე -  განსაკუთრებული არაფერი ხდება, სეზონური ვირუსების გამო კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, მაგრამ "გადავსებული" არაა - გრიპის უფასო, 170 000-მდე ვაქცინა ათვისებულია

დატვირთვა მომატებულია, კლინიკები შედარებით გადატვირთულია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდება - სინამდვილეში, დღევანდელი სეზონური ვირუსების, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებში ადგილების კუთხით პრობლემები არ არსებობს და სამედიცინო დაწესებულებაში ყველა ის პაციენტი თავსდება, ვისაც სჭირდება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ქვეყანაში პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა.

„კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, რეანიმაციებში ნაკლებად, მაგრამ სიტყვა „გადავსებულია“, რასაც მედია კორონავირუსის დროს იყენებდა, შედარებაც არ შეიძლება. არაფერი ასეთი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება, უპრობლემოდ თავსდება კლინიკაში და ვისაც სჭირდება, რეანიმაციულ დახმარებას იღებს. ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. დაწყებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტიდან, დამთავრებული კლინიკებამდე. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი კლინიკა, სადაც ადგილების პრობლემა ჯერ არ გვქონია.

საქმე იმაშია, რომ წინა 2-3 წლის განმავლობაში კოვიდმა და მისმა საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სეზონური ვირუსების გამოვლენა და გავრცელება იმდენად შეამცირა, რომ იმ წინა 2 წელიწადთან შედარებით გვეჩვენება, რომ რაღაც განსაკუთრებული სიტუაციაა. სინამდვილეში დღევანდელი სეზონური ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსების პირველი პიკი ნოემბერ-დეკემბერშია მოსალოდნელი, მეორე კი, ნაკლები ინტენსივობით, თებერვალ-მარტში.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, წელს ვირუსული ინფექციების შემთხვევებიდან დაახლოებით, 20% გრიპის ვირუსის ორ ქვეტიპზე - H3N2-სა (ჰონკონგის გრიპი) და H1N1-ზე (ღორის გრიპი) მოდის, რაც საშუალოზე ცოტა ნაკლებია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, კიდევ რომელი ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში.

„წელს ვირუსული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით 20%- H3N2-ზე და H1N1-ზე მოდის, რაც ბევრი არ არის, პირიქით, საშუალოზე ცოტა ნაკლებია. ორივე ქვეტიპი დაახლოებით თანაბრად ნაწილდება. ცოტათი მეტია ჰონკონგის შემთხვევა. სამაგიეროდ, საშუალოზე მაღალი იყო ე.წ. რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. დაახლოებით 30%-მდე იყო, ბოლო კვირაში კი 20%-მდე ჩამოვიდა. ცოტა უჩვეულოა, რომ საკმაოდ მაღალი იყო ე.წ. რინოვირუსებით განპირობებული ინფექციები. დაახლოებით, 20%-მდე. ესეც ცოტა მეტია ვიდრე საშუალოდ ბოლო წლებში. რაც შეეხება კორონავირუსს - რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეთ, მათი ხვედრითი წილი დაახლოებით, 10%-ია ამ ვირუსულ ინფექციებში“, - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევებში გართულებები ძირითადად, ჩვილ ბავშვებში და ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.

„განსაკუთრებით საშიში არ არის. ჩვენ პრაქტიკულად, ბოლო 1 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით განსაკუთრებით, ჩვილ ბავშვებში და ასაკოვან ადამიანებში, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვაქცინაციაა. ამასთან, ცერცვაძის თქმით, ინფიცირებისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრის თავიდან აცილება.

„საქართველოში კორონავირუსის მაგალითზე იცით, რომ ვაქცინებს დიდად არ ვწყალობთ, მაგრამ წელს გრიპის ვაქცინა მაინც საკმარისად იქნა ათვისებული. NCDC-ის მიერ შემოტანილი დაახლოებით, 170 000-მდე ვაქცინა ათვისებულია. გარდა ამისა, ვაქცინები კომერციულად სხვადასხვა აფთიაქებმა შემოიტანეს, რაც ასევე ათვისებულია. ეს ცოტაა. ბევრი არ არის, მაგრამ მაინც კარგია 200 000-მდე აცრაა, ვინაიდან ძირითადად, პატარა ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები აიცრნენ, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“,-აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა