ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატების განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მრავალი წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დღეს ქალთა მკვლელობების შემაძრწუნებელი საქმეების, ქალების მიმართ ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობის ასობით ფაქტის წინაშე ვდგავართ.

პარლამენტის წევრები ყველას, განსაკუთრებით მამაკაც პოლიტიკოსებს, ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები და ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის სრულყოფა მოახდინოს.

„ვუერთდებით გლობალურ 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც, ყოველ წელს, 25 ნოემბერს იწყება.

ჩვენთვის, საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატებისათვის, შემაშფოთებელია, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მრავალი წლის განმავლობაში ქალთა ორგანიზაციებმა, უფლებადამცველებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სახელმწიფო უწყებებმა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, მედიამ და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა გასწიეს, დღეს ისევ ვდგავართ უმძიმესი რეალობის წინაშე: ქალთა მკვლელობების შემაძრწუნებელი საქმეები, ქალების მიმართ ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობის ასობით ფაქტი, ძალადობის მსხვერპლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების არარსებობა, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების მწვავე დეფიციტი, დისკრიმინაციის და უთანასწორობის წამახალისებელი გარემო და სტერეოტიპები, რაც ქალებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ამ პრობლემების დაძლევა წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებას. ამიტომაც განისაზღვრა სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თორმეტიდან ერთ-ერთ წინაპირობად.

შემაშფოთებელია, რომ უმძიმესი ფაქტების მიუხედავად, ჯერ კიდევ ხდება ქალთა მიმართ ძალადობის და მისი უკიდურესი გამოვლინების - ფემიციდის, როგორც მწვავე პრობლემის იგნორირება სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დღემდე საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს მაგ. გაუპატიურების სათანადო განმარტებას და თანხმობის არარსებობას არ აღიარებს დანაშაულის მთავარ ელემენტად; მიუხედავად არაერთი მცდელობისა - დღემდე სისტემა წინააღმდეგობას უწევს ასეთი განმარტების საკანონმდებლო დონეზე შემოტანას.

შემაშფოთებელია, რომ დანაშაულის პრევენციის და დანაშაულზე რეაგირების ვალდებულება ხშირად მხოლოდ ინდივიდუალური სამართალდამცავების პასუხისმგებლობადაა მოაზრებული სახელმწიფოს მხრიდან და არა ყველა უწყების საერთო ვალდებულებად.

ამგვარი დამოკიდებულებები ახალისებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და მოძალადის მოკავშირედ აქცევს სისტემას. ამგვარი დამოკიდებულებები წყალში ყრის ბევრი წლის შრომას, რომელიც გაწეულია და რომელმაც წინა წლებთან შედარებით, რიგი მიმართულებებით მართლაც ხელშესახები პროგრესი მოიტანა.

ვაფასებთ ყველა სახელმწიფო უწყების, პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის გულწრფელ ძალისხმევას, დაძლეულ იქნეს ქალთა მიმართ ძალადობა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის პრობლემის გადალახვას შევძლებთ მხოლოდ საკითხისადმი უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერის საჯარო გაცხადებით, პასუხისმგებლობის აღებით და კოორდინირებული მოქმედებებით ყველა და არამხოლოდ ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს შორის და სახელმწიფოს და საზოგადოების თანამშრომლობით, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების და კანონის მიმართ ნდობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც ხშირად ობიექტური მიზეზების გამო არ არსებობს.

ასევე მიგვაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების ვალდებულებაა, რომელთაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც ძალადობის შემწყნარებელი სტერეოტიპების გამყარების მიმართულებით, ასევე მათ დასაძლევად. ამ გავლენას თან ახლავს პასუხისმგებლობა.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მამაკაც პოლიტიკოსებს, გააქტიურდნენ ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მანამ, სანამ ფემიციდთან ბრძოლა და გენდერული თანასწორობის საკითხები ითვლება პოლიტიკის პერიოფერიულ საკითხად, რომლის წინააღმდეგაც მხოლოდ ქალებმა უნდა იბრძოლონ, პრობლემას ვერ დავამარცხებთ.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები და მოახდინოს ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის სრულყოფა, განსაკუთრებით - დროულად შემოიტანოს გაუპატიურების დანაშაულის სათანადო დეფინიცია კანონში, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში დანერგვა. აღნიშნული მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯია. ამასთან, რეალური და მდგრადი სოციალური ცვლილებებისთვის, რამაც ძალადობის პრევენცია უნდა უზრუნველყოს, გადამწყვეტად აუცილებელია ქალთა და ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ინტერსექციური სახელმწიფო პოლიტიკის და სერვისების უზრუნველყოფა. აღნიშნული აუცილებელია, რათა რისკის წინაშე მყოფი ადამიანების დროული გამოვლენა და დაცვა მოხდეს. პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ ამგვარი მრავალგანზომილებიანი და კოორდინირებული მიდგომა მოიტანს სახელმწიფოს ეფექტურობას ძალადობასთან ბრძოლის საქმეში და ძალადობის სრულ მიუღებლობას დაამკვიდრებს საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა დონეზე, ყველა უწყებასთან, სექტორთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომ საერთო ძალისხმევით, ქალთა მიმართ ძალადობა დავძლიოთ და რეალობად ვაქციოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ქალთა უფლებები თანასწორობაზე, უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს